ე.წ. პიჯაკების საქმეზე სააკაშვილის 9-წლიანი განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა – პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის სასჯელი ე.წ. პიჯაკების საქმეზე. ამ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებიან საქალაქო სასამართლომ საქალაქომ სასამართლომ განაჩენი მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა და ექსპრეზიდენტს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე საქმეზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, თემურ ჯანაშიას იგივე ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირეს და 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ჯანაშიას განაჩენიც.
“სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2009 წლის მარტში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი ე.წ. „დოქტორ დოტ“-ი მოიწვია, ხოლო მისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან განხორციელდა. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ ხარჯები საჯარო იყო, საჭირო გახდა წარმომადგენლობითი ხარჯების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილება. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მატერიალური უზრუნველყოფის მოსაპოვებლად შექმნა კორუფციული სქემა და სახელმწიფო საიდუმლოებად აქცია მისი მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა. კერძოდ, სამართლებრივი საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, 2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა გრიფით „საიდუმლო“ განკარგულებები და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კანონიერად ვერ მოხერხდებოდა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
დღეს, ამავე საქმის ფარგლებში, სამოქალაქო დავაზე განაჩენი გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა. მან სააკაშვილსა და ჯანაშიას სახელმწიფოა სასარგებლოდ ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა.
ეს დავა, ფინანსთა სამინისტრომ სააკაშვილისა და ჯანაშიას წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე მათ სასჯელი მიესაჯათ.