„ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსეთსა და ჩვენს მთავრობას შორის რაღაც შეთანხმება არის“ – კოტე ვეკუა

“ნერგეტას” თანადამფუძნებელმა კოტე ვეკუამ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ე.წ. „რუსული კანონის“ გავლენებზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, საჭიროა ქუჩაში აქტიურობა, აქციის სახით და მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესების წარმართვა, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
მისივე თქმით, ქვეყნის უბედურებაა ერთპიროვნული და ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ერთ პარტიას 60-70%-იანი უმრავლესობა აქვს.
„2 და 5 თვიანი გამოსვლები არ არის საკმარისი. ერთის მხრივ საჭიროა ქუჩაში აქტიურობა. ჩვენ, სახელმწიფოს უნდა ვანახოთ, რომ მინიმუმ 10 დღეში ერთხელ მაინც, დაახლოებით 100000 ადამიანი იკრიბება გასაპროტესტებლად. ამის პარალელურად, საჭიროა პოლიტიკური პროცესების წარმართვა როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.
პოლიტიკურ შიდა პროცესში ძალიან ბევრი სისუსტეები და პრობლემებია. მაგალითად, იმ დღეს, რომ პოლიტიკური ფიგურები აქციაზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებმა მათ ლაზერის შუქები მიანათეს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ, თუ რატომ არ არის მაღალი ნდობა მათ მიმართ. რა არის მიზეზი მათ წარსულში. ასევე საგულისხმოა, რომ ისინი გასაგებად არ გვეუბნებიან თუ რას აპირებენ.
ჩვენი უბედურება არის ის, რომ 91 წლის არჩევნების შემდეგ, ყოველთვის გვყავს ერთი პარტია, რომელსაც 60-65-70% აქვს პარლამენტში. ანუ ჭარბი უმრავლესობა. მე ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსეთსა და ჩვენს მთავრობას შორის არის რაღაც შეთანხმება. მართალია მე არ მაქვს აუდიო ჩანაწერები და მასალა, თუმცა ეს ყველაფერი ასე ჩანს. თუმცა, რაც არ უნდა შეთანხმება იყოს, ისინი ხომ ამას ვერ გააკეთებდნენ 84 დეპუტატის ხმა რომ არ ჰქონდეთ? ისინი ხომ ამას ვერ გააკეთებდნენ, ხელისუფლების შუა რგოლში, ასეთი ტოტალური მორჩილება რომ არ იყოს გამგებლების მხრიდან, მასწავლებლების მხრიდან და ა.შ.
მე ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა პარტიამ 65 ან 70% რომ აიღოს, ჩვენი პრობლემები კვლავ არ დასრულდება. გასაგებია, რომ რუსეთს აქვს ინტერესი. გასაგებია, რომ საქართველოდან მათთან ვიღაც თანამშრომლობს, მაგრამ ამ თანამშრომლობას შედეგი არ მოჰყვებოდა, რომ არ იყოს ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა. ჩვენი ოპოზიციის შეპირება უნდა იყოს სანდო და დაგვანახოს პირველ რიგში ის, რომ როგორ არ იქნება ერთპიროვნული მმართველობა. მეორე, უნდა გვითხრან, ამ დარჩენილი 9 პუნქტის შესრულებაზე“,- აცხადებს ვეკუა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ნამდვილად სჯერათ. მათ სამი რამის შიში აქვთ. პირველი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთპიროვნული დაბრუნების შიში. მეორე არის ის, რომ ხალხს ომის დაწყების სჯერა და მესამე არის ის, თუ რისი კულტივაციაც „ქართულმა ოცნებამ“ 2013 წლის 17 მაისს დაიწყო. იმისათვის, რომ ადამიანებს შიში შეუნელდეთ, საჭიროა ამ სამივე მიმართულებაზე პოზიტიური მესიჯის მიწოდება.
ბიზნესმენის ვარაუდით, თუ „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი საზოგადოების მხარეს არ გადავიდა, მაშინ საეჭვოა, რომ არჩევნებზე პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვოს. ვინაიდან, პირველ რიგში ბევრნი არიან. ამას პლუს დაშინებები და მოსყიდვები დაიწყება და სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ 50%-ზე მეტით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი.

ასევე დაგაინტერესებთ