ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია ეხმაურება იაპონური გამოცემის სტატიას, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, უტა ივანიშვილს, ტოკიოში შეხვდა საქართველოს ელჩი და „ჩემოდანი“ გადასცა და აცხადებს: „შესაძლოა, დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც“.
„ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში“, – წერს პარტია 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
„ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც“, – აცხადებს პარტია.
„ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს“, – აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.
იაპონურმა საგამოძიებო მედია „ბუნშუნმა“ (Shūkan Bunshun) 6 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქმედი ელჩი იაპონიაში რამდენიმე დღის წინ ტოკიოში შეხვდა მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს, უტა ივანიშვილს, – და შავი ჩემოდანი გადასცა სიტყვებით: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“.
„ბუნშუნი“ ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონამდე იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3,6 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა.
გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია.
ფორუმი