ენერგეტიკის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფონზე გაკეთებულ განცხადებებს ახალი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტი ხიშტოვანი აცხადებს, რომ არსებული სურათი შესაძლოა მიუთითებდეს საქართველოს ენერგოსისტემაში გავლენების გადათამაშების პროცესზე და აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების შეთანხმებების სტაბილურობაზე კითხვებს აჩენდეს.
მისი თქმით, ხელშეკრულებების გარანტირებულობის თემა დამატებით განმარტებებს საჭიროებს.
ეს არის მინიშნებები, რომ არსებული ხელშეკრულებები არ არის ბოლომდე გარანტირებული, ის ხელშეკრულებები, რაც აქვს საქართველოს აზერბაიჯანთან და რაც აზერბაიჯანს აქვს შესაბამისად, ევროკავშირთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ეს სურათი არის საქართველოს ენერგოსისტემაში, ჩემი აზრით, გავლენების გადათამაშების პროცესი. ძველი ფიგურები, როგორც ჩანს, ნელ-ნელა შორდებიან ამ სფეროს, ზოგიერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული და ისინი ციხეშიც იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” მზად არის ყველაზე ლოიალური საკუთარი მომხრეები წევრებიც კი გაიმეტოს, თუ საუბარია ბიზნესინტერესებზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამიტომაც არაფერია ახლა გამორიცხული, – ამბობს ხიშტოვანი.
გაზის მიწოდების საკითხზე მიმდინარე გამოძიებას განსხვავებული ოფიციალური კომენტარები მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის განცხადებები ერთმანეთს არ დაემთხვა. ლევან დავითაშვილის თქმით, დაკითხვისას კითხვები ევროკავშირთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ თემებს შეეხებოდა, ხოლო სუს-ში განაცხადეს, რომ ეს ინტერპრეტაცია არასწორია. ოფიციალურად კი განმარტებულია, რომ საქართველო ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან იღებს, მათ შორის ალტერნატიული ინფრასტრუქტურითაც.




