მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი ეხმაურება ცნობას, რომლის მიხედვითაც პროკურატურა დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის შემოწმებას გეგმავს შერაცხადობაზე ანუ მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაა გადაწყვეტილი.
“ჩემთვის, როგორც ფსიქიატრისთვის, შემაშფოთებელია შემთხვევა, როდესაც ადამიანის დროებითი ფსიქო-ემოციური რეაქცია, გამოწვეული მწვავე ფიზიკური ტკივილით, 6 წლის შემდეგ შეიძლება შეფასდეს როგორც მყარი ფსიქიკური პათოლოგია.
განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ასეთი შეფასება ხდება პროტესტის გამომხატველი პირის წინააღმდეგ გამოყენების საფუძველი.
ფსიქიატრია არ უნდა იქცეს პოლიტიკური ან სამართლებრივი მიზნებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საშუალებად. მისი ამოცანაა ადამიანის დახმარება – არა პიროვნების დისკრედიტაცია ან იზოლაცია.
დათაშვილის საქმე საფრთხის ქვეშ აყენებს ფსიქიატრიის დარგის სანდოობას და აჩენს სერიოზულ ეჭვს, ხომ არ გამოიყენება ფსიქიატრიული მექანიზმები პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეწოლისათვის”.