ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი – ჩემი დაკავება იყო წინასწარ განზრახული

რასაც შს მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს, ეს უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ – ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით , – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა და მიმართა მოსამართლეს.
ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მან რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილიდან ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე გამოარიდა, დაკავება კი წინასწარ იყო განზრახული მისი აქტიურობიდან გამომდინარე.
“ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით. მე გინდ გზა გადამეკეტა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ის, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს. 30 ადამიანიდან, ვინც ჩემთან ერთად დააკავეს გუშინ, არცერთს მიეცა საშუალება, დაკავშირებოდნენ ადვოკატს და ოჯახს. ვიდეოშიც ჩანს, მე ვკვეთ ქუჩას, გადმოვდივარ ტროტუარზე. რამდენიმე წუთში გოგონა ადის პატრულის მანქანაზე. იწყება სიტუაციის დაძაბვა. კონფლიქტი რომ არ გაგრძელებულიყო, მივედი და ყველაზე აქტიური დემონსტრანტი გამოვარიდე. აგრესია იყო არა პოლიციის, არამედ სიტუაციის მიმართ, რომ მთავრობამ შეცვალა კურსი, აღარ მიდის ევროკავშირისკენ.
მოვარდნენ, დააკავეს თამარ გიორგაძე, დამაკავეს მერე მეც, დაახლოებით 10 წუთში. თუმცა ყველაფერი დაიწყო დღის ორის ნახევარზე. ვიყავი სასამართლოში, რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სხდომაზე. აქედან გასულმა დავრეკე 112-ზე და ვთქვი, რომ 8-დან 11-მდე ვიქნები აქციაზე. ნახევარ საათში დამირეკეს ვაკე-საბურთალოს განყოფილებიდან, მისამართი და პირადი ნომერი გვითხარიო. ეს იყო წინასწარ განზრახული ჩემი დაკავება, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის 22 ოქტომბრის საღამოს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.