„4 ოქტომბრის აქციის“ საქმეზე დაკავებული 64 წლის კონსტანტინე კოკაია პენიტენციური დაწესებულებიდან შვილისთვის გაგზავნილ წერილში საპატიმროში თავისი უფლებების სავარაუდო დარღვევაზე წერს.
ბრალდებულის ცნობით, მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ გაუსინჯავს კარდიოლოგსა და ოფთალმოლოგს, არადა გადატანილი ინფარქტისა და გულზე ხუთი შუნტის შესახებ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზევე გახდა ცნობილი. მხედველობის პრობლემებმა კი საკანში გადაყვანის შემდეგ იჩინა თავი.
„რომ ვკითხე, ოდნავ თუ შეგიძლია დამენახოო, მითხრა, საერთოდ ვერ გხედავ მარცხენა თვალიდანო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტანტინე კოკაიას ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც იგი დღეს, 21 ოქტომბერს, რამდენიმე საათის წინ მოინახულა.
კონსტანტინე კოკაიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის) ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებებს უყენებენ. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიუხედავად ადვოკატის მოთხოვნისა, გაეთვალისწინებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გირაო გამოეყენებინა.
კონსტანტინე კოკაიას, ადვოკატ გიორგი ჩხეიძის თქმით, გულის ოპერაცია აქვს გადატანილი. ადვოკატმა მოსამართლეს ჯანმრთელობის დოკუმენტაციაც წარუდგინა.
„გულზე ხუთი შუნტი ადევს, ჯანმრთელობის მკაცრი კონტროლი და სპეციფიკური გარემო სჭირდება… ეს არ არის ახალი დაავადება, არამედ ბატონ კონსტანტინეს 2019 წლიდან აწუხებს. ის ხშირად უნდა ეჩვენოს ექიმს და ამაზე მეტყველებს წარმოდგენილი დოკუმენტაციაც“, – თქვა ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ სასამართლოზე.
კონსტანტინე კოკაია ციხიდან გამოგზავნილ წერილში ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ბრალდებულის უფლებების შეზღუდვაზეც ჩივის. შვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ არ აძლევენ დარეკვისა და “ციხის ბარათის” გამოყენების უფლებას. ამ ბარათით პატიმრები ციხის მაღაზიაში საჭირო პროდუქტს ან ნივთებს ყიდულობენ.
„ნინი მამი სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ესეა: 10-11 დღეა აქ ვარ. ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს. ჩამწერეს თვალის ექიმთან – არ წამიყვანეს. მარცხენა თვალში ვერ ვხედავ. გაციებული ვიყავი – ექიმთან არ წამიყვანეს. “აჩკები” წამართვეს არ შეიძლება რკინაო. ექიმმა 5 შუნტიან და 4 სტენდიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მიმარჩინეს კამერაში. სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია. კიდევ დაბლოკილი ვარ – არა ბარათი, არ დარეკო. შეზღუდვაა ჩემზე. ბიჭები მიდგანან ძმებივით გვერდით, რისიც მადლობელი ვარ, ამათ გაიხარონ და მალე გათავისუფლდნენ. მე კორპუსის ექიმთან აღარ მივალ“, – წერს კონსტანტინე კოკაია ქალიშვილს, ნინო კოკაიას, ციხიდან და დახმარებას ითხოვს.
კონსტანტინე კოკაიას ადვოკატის გიორგი ჩხეიძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პროკურატურას დარეკვის უფლება არ შეუზღუდავს, ასე რომ მომხდარიყო, „დადგენილება იქნებოდა გამოტანილი“, ამიტომ ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს „ციხის შიდა გადაწყვეტილებაა“.
„საქმეში უნდა იყოს დადგენილება წარმოდგენილი და არც საქმეში არ არის. ეს გვაფიქრებინებს, რომ ბრალდების მხარეს დარეკვისა და ბარათის გამოყენების უფლება შეზღუდული არ აქვს. უბრალოდ ამდენი ხანი, 11 დღეა, ბატონო კოტე არის პენიტენციურში და იმის გათვალისწინებით, რომ არ აქვს ბარათი და ვერ ახერხებს ვერც დარეკვას და ვერაფერს, აჯანჯლებენ შიგნიდან, ციხეს ვგულისხმობ“, – აცხადებს გიორგი ჩხეიძე.
მისივე ცნობით, მათ რამდენჯერმე დაწერეს ოფიციალური განცხადება და კონსტანტინე კოკაიასთვის ოფთალმოლოგი და კარდიოლოგი მოითხოვეს.
„…მათ შორის ახლაც გავაგზავნეთ განცხადება, რომ სასწრაფოდ მოხდეს ჩართვა ექიმების, პირველ რიგში, ოფთალმოლოგზეა საუბარი, ახლაც ვერ იხედება თვალიდან. რომ ვკითხე, ოდნავ თუ შეგიძლია დამენახოო, მითხრა საერთოდ ვერ გხედავ მარცხენა თვალიდანო. დააკავეს 8 ოქტომბერს და ასეთი ვითარებაა იმ დროიდან, არ მისულა ექიმი, არ ვგულისხმობ ციხის ექიმს, ის ნახულობს, მაგრამ მოგატყუებთ გითხრათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს“, – ამბობს ის.
რადიო თავისუფლებამ პენიტენციურ სამსახურს მიმართა კითხვით, რატომ ეზღუდება უფლებები ბრალდებულ კონსტანტინე კოკაიას, რომელიც გამოძიებისთვის პერიოდს, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, საპატიმროში ატარებს? უწყებიდან მოგვწერეს, რომ განმარტებას საკითხის დაზუსტების შემდეგ მოგვაწვდიან.
პენიტენციური სამსახურის პასუხი, მიღების შემთხვევაში ამ ტექსტში აისახება.
კონსტანტინე კოკაიას ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი ჰყავს. ნინო კოკაიას თქმით, მამამისი 315 დღის განმავლობაში უწყვეტად მიდიოდა რუსთაველის გამზირზე და პროტესტში მონაწილეობდა.
„სამშობლოს სიყვარულის გამო მსვამენ ციხეში და მე ჩემს სიმართლეს ნორმალურ ქვეყანაში დავამტკიცებ“, – ეს ეწერა წერილში, რომელიც მან შვილებსა და შვილიშვილებს გამოუგზავნა.
პროკურატურის გავრცელებული კადრების თანახმად, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოშია.
ადვოკატის ცნობით, 2024 წლის 4 ოქტომბერს კონსტანტინე კოკაიაზე პოლიციელმა იძალადა.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულია 62 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.




