“ეს არის კონკრეტული ექიმების საქმე – ექიმები როცა იტყვიან, რომ კატეგორიულად გამორიცხულია საჭიროება, რომ ეს ადამიანი {სააკაშვილი} იყოს კლინიკაში, იმ დღესვე იქნება გადაყვანილი, ასეთი წარმოდგენა მაქვს მე,”- ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ თემის წამოწევით პარტია “საქართველოსთვის” და “ნაცმოძრაობა” ცდილობენ ხელისუფლება გამოუვალ სიტუაციაში ჩააყენონ, რადგან გახარიას პარტია სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” – პირიქით.
“ეს არის კონკრეტული ექიმების საქმე – ექიმები როცა იტყვიან, რომ კატეგორიულად გამორიცხულია საჭიროება, ეს ადამიანი იყოს კლინიკაში, იმ დღესვე იქნება გადაყვანილი, ასეთი წარმოდგენა მაქვს მე. ამ ადამიანთან დაკავშირებით როგორც კი რამე მინიმალური, რაღაც სამედიცინო თემები, რისკები აბსოლუტურად გამორიცხული იქნება, მაშინვე. კლინიკის ხელმძღვანელის ინტერვიუ ვნახე, მე მასთან კონტაქტი არ მქონია და არც მაქვს ამის უფლება, რაც ვნახე ტელევიზიით ვნახე, ის ადამიანი ამბობს, რომ მდგომარეობა გაცილებით და რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ, მაგრამ რაღაც რჩება. რას გეგმავენ ახლა – გამოთქმა რომაა, “წინ წყალი და უკან მეწყერიო” – “მეწყერს” გვიქმნის გახარია თითქოს და “წინ წყალს” “ნაცმოძრაობა”. გადაიყვან და “კლავენო” ატყდება ამბავი, არ გადაიყვან და – აქედან ესენი დაგვხვდებიან. ახლა ბუფერული ზონა შეგვექმნეს, რომ თუ არ გადაგვყავს გახარია გვაწვება და თუ გადაგყავს – “ნაცმოძრაობა” გაწვება და ყველა ვარიანტში, წაგებულ თამაშს გვათამაშებენ თითქოს.
სინამდვილეში, ის იხდის სასჯელს, აქვს მშვენიერი მოპყრობა და სამედიცინო დაწესებულებაში არის თავისი დიაგნოსტიკური რაღაცების გამო. როგორც კი აბსოლუტურად განიკურნება და ის პატარ-პატარა რაღაცებიც არ ექნება სამკურნალო, ალბათ, მოხდება მისი გადაყვანა, მე ასე ვფიქრობ,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.