ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს შრომის შეუფერებელი ანაზღაურებით, საშუალოდ, 800-1000 ლარით თვეში – მედიკოსების პეტიცია

ექიმები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს (WHO, WMA) მოუწოდებენ” გადაუდებლად მიაქციონ ყურადღება ქვეყანაში არსებული ექიმების სოციალური მდგომარეობის დამამცირებელ და უიმედო ვითარებას”
მედიკოსებმა პეტიცია შეადგინეს – ექიმები ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.
„ვზრუნავთ სიცოცხლეზე — მაგრამ ვცხოვრობთ სიღარიბეში” – წერია პეტიციის ტექსტში.
დღეს საქართველოში მოქმედი ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს შრომის შეუფერებელი ანაზღაურებით — საშუალოდ 800-1000 ლარით თვეში.
ამ თანხით ექიმს არ შეუძლია ღირსეულად იცხოვროს, განავითაროს პროფესია, იზრუნოს საკუთარ და ოჯახის ჯანმრთელობაზე, ან მოტივაცია შეინარჩუნოს.
საზოგადოება ექიმს ენდობა სიცოცხლის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში — მაგრამ სისტემა, რომელსაც ვემსახურებით, ჩვენს შრომას არ აფასებს.
ეს ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ქვეყნის მედიცინის მომავალს.
თუ ასე გაგრძელდა:
ახალგაზრდა ექიმები მასობრივად დატოვებენ პროფესიულ გზას ან ქვეყანას.
გამოცდილ ექიმებს მოტივაცია ეკარგებათ და თვლიან თავს შეურაცხყოფილად
პაციენტის მომსახურების დონე ეცემა
ჩვენ ვითხოვთ:
ექიმების მინიმალური საბაზისო ხელფასის განსაზღვრას არა ნაკლებ 3000 ლარის ოდენობით.
სამსახურში გატარებული საათებისა და სირთულის მიხედვით საბაზისო სტანდარტების დამკვიდრებას.
საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო პოზიციის დაფიქსირებას საქართველოს მთავრობის მიმართ.
ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება — ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში დარჩეს მოტივირებული, პატივცემული და განვითარებაზე ორიენტირებული ექიმი.
გთხოვთ ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას — თქვენი ხმა მნიშვნელოვანია.
ღირსეული ექიმი — ძლიერი საზოგადოებაა”, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორი დათა ჯავაშვილია.