ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2024 წელს მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია და დღემდე არსებული ყველაზე აქტიური საარჩევნო სადამკვირვებლო სეზონი დაასრულა. 500-ზე მეტი დამკვირვებელი გაიგზავნა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოში, უზბეკეთში, მოლდოვასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში – რამაც ეუთო-ს რეგიონში დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართ ჩვენი ურყევი ერთგულება აჩვენა“, – განაცხადა პია კაუმამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მედიის საქმიანობისა და ფუნდამენტური უფლებები არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის, არამედ მუდმივად უნდა იყოს დაცული.
„მზარდი პოლარიზაციის ეპოქაში, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურებმა შეიძლება არჩევნების შედეგები წინმსწრებად გაასაჩივრონ, როგორც უსამართლო, როდესაც გამარჯვება მათ შორდებათ, არჩევნების დაკვირვებას ასეთი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია. ჩვენს მისიებში გამოყენებული ნეიტრალური, მეცნიერული და აპრობირებული მეთოდები მსგავსი ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლასა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც არჩევნების დამკვირვებლები, ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ არჩევნების შედეგები ხალხის ნებით განისაზღვროს და არა გარე გავლენებით აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ რომელიმე სხვა მხრიდან“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას პია კაუმამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შესახებაც ისაუბრა და რუსეთს საერთაშორისო წესრიგისა და ხელშეკრულებების პატივისცემისკენ მოუწოდა.