ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა.
შეხვედრების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ, იურაი ბლანართან.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი.
„ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს”, – აღნიშნავს საგარეო უწყება.
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა ასევე გამართა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან.
„2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ, ქსავიე ბეტელს შორის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და უსაფრთხოების გამოწვევებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებს და ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას. ხაზი გაესვა დიალოგის და ჩართულობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან.
მინისტრებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აქცენტი გაკეთდა ბოლო დროის განვითარებებზე.
„საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მადლიერებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტებისადმი. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში უნგრეთის პოლიტიკური და საექსპერტო თანადგომის გაგრძელების მნიშვნელობას.
მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანსაც შეხვდა.
„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის დროს აღმოჩენილი მხარდაჭერისა და გაწეული ძალისხმევისათვის.
დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა.
ხაზი გაესვა როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიურ დინამიკას. აღინიშნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მესამე სხდომის გამართვის მნიშვნელობა.
ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.
თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.
აღინიშნა საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ეფექტიანი თანამშრომლობა”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში.




