ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე გაზრდილი ზეწოლის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობა, რომელიც სულ უფრო მეტად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ხელს უწყობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოში.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებისა და გასამართლების შემთხვევებს. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას“, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა მარია თელალიანმა.
ამასთან, ODIHR განსაკუთრებული შეშფოთებით აღნიშნავს ბოლო თვეებში ათობით მომიტინგის დაპატიმრებას და სამართლიანი სასამართლოს სტანდარტების პატივისცემის არარსებობის შესახებ ცნობებს, ასევე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე გაზრდილი ზეწოლის შესახებ მათი ლეგიტიმური საქმიანობის შესრულებისას.
აღინიშნება, რომ გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში რვა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს, რომელთა უმეტესობას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივად აღიარეს, რომ „კანონის უზენაესობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პატივისცემას, მათ ასევე ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის აუცილებლობას. გარდა ამისა, სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ პატივს სცემენ პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლებას და უზრუნველყოფენ „გარანტიებს, რათა მათ თანაბარი მოპყრობის საფუძველზე კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს“.
ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც გადახვევაა საქართველოს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში არსებული ხანგრძლივი და თანმიმდევრული პრაქტიკიდან.
ეუთო/ოდირი კვლავ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად გააგზავნის მოწვევას, გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის მიზნით.
„დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ დემოკრატიული მმართველობისა და ყველასთვის ადამიანის უფლებების გაძლიერებას“, – განაცხადა მარია თელალიანმა.
