ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პია კაუმასა და ქართული დელეგაციის წევრებს შორის შემდგარი შეხვედრის შესახებ წერს.
პია კაუმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
შეხვედრას, რომელიც ტაშკენტში გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, ესწრებოდნენ სადაო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ პოსტშია ნათქვამი, შეხვედრა “გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული“.
სადაო პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე “შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს საქმიანი კავშირების მნიშვნელობას, ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ეუთო/ოდირის როლზე არჩევნების ობიექტურად შეფასებაში. შალვა პაპუაშვილმა, ასევე, ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ და ინიცირებულ საკანონმდებლო აქტებსა და სამომავლო ინიციატივებზე. მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება”.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს პრეზიდენტმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, არჩევნებზე დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი, ასევე იყო ამომრჩევლების მოსყიდვის, დაშინების, საარჩევნო პროცედურის დარღვევის მრავალი შემთხვევა.
2025 წლის 25 იანვარს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“.
ფორუმი
