,,ეს ჯარიმები (ჯამში 15000) უკანონოა და ღირსების შემლახავი, მართმევს არსებობის საშუალებას და უნდა გაუქმდეს, ან ანაზღაურდეს დამსაქმებლის მიერ“ – ბაჩო ქაჯაია
მსახიობი ბაჩო ქაჯაია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
,,ეს განცხადება დავწერე და ჩავაბარე თეატრში. რუსთავის თეატრი / რუსთავის მერია /
ა.ა.ი.პ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის
პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ სოსო ნემსაძეს
ამავე თეატრის მსახიობის ამირანი ქაჯაიას
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ვარ თეატრის დასის წევრი.ამ წლების განმავლობაში პროფესიას ვემსახურები მაღალი პასუხისმგებლობით და ერთგულებით. რა დროსაც ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ერთ დისციპლინურ გადაცდომას.
2024 წლის ნოემბრიდან ვმონაწილეობ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობაში, საქართველოს კონსტიტუციის და ევრო-ატლანტიკური კურსის დასაცავად. ვითხოვ, იმ პატიმრების, მათ შორის ჩემი კოლეგის, გათავისუფლებას, ვინც პოლიტიკური ნიშნით გახდა უკანონო დაპატიმრების, არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი. სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მათ ოჯახებს, ყველა რეპრესირებულ მოქალაქეს.
ხსენებულიდან გამომდინარე ასევე დაიწყო ჩემი პოლიტიკური ნიშნით დევნა. რაც გამოიხატა თეატრის მხრიდან ჩემთვის წინა საახალწლოდ პრემიის არგაცემაში, შემდეგ ხელფასის 10%-იანი მატების გარეშე დატოვებაში და მშვიდობიანი, კანონიერი, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებისთვის სამართალდამცავების მხრიდან სამჯერ, ყოველ ჯერზე 5000 ლარით დაჯარიმებაში.
მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს თეატრის ადმინისტრაციას, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტს. ყველაფერთან ერთად ამით აიხსნება ისიც, რომ თეატრს არ აღმოაჩნდა ძალა გამოეხატა ჩემთვის თუნდაც სიტყვიერი სოლიდარობა, როცა გამოხატვის თავისუფლებისთვის შემილახეს სახელი, ღირსება, სასამართლოში დამიბარეს და უკანონოდ მდევნეს.
ვინაიდან ჩემი შემოსავალი- ყოველთვიური სარგო თეატრში შეადგენს 1019.20 ლარს, რომელიც ისედაც ვერ აკმაყოფილებს ჩემი ხუთსულიანი ოჯახის საჭიროებებს და მუდმივად მიწევს დამატებითი შემოსავლების მოძიება, მიმაჩნია რომ ჩემთვის პოლიტიკური დევნის მიზნით გამოწერილი ჯარიმები (ჯამში 15 000 ლარის ოდენობით) გარდა იმისა რომ უკანონოა და ღირსების შემლახავი, მართმევს არსებობის საშუალებას და უნდა გაუქმდეს, ან ანაზღაურდეს დამსაქმებლის მიერ.
გთხოვთ, მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება და თეატრმა აიღოს აღნიშნული ჯარიმების დაფარვის პასუხისმგებლობა ან მიშუამდგომლოს შესაბამის ორგანოებთან ჩემს მიმართ გამოყენებული სადამსჯელო ზომის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ასეთი მოპყრობა მე მიტოვებს ზნეობრივ და სამართლებრივ უფლებას არ მივიღო მონაწილოება წარმოდგენებში, რადგან სოლიდარობა, სამართლიანობა და ღირსება ფასეულობებია, რომელსაც ვემსახურები როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა.“
