„ეს ყველაფერი გააჩენს გარკვეულ ხვრელებს – არაფერი არ არის უკეთესობისკენ“ – რა იცვლება სათამაშო ბიზნესისთვის

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
პროექტი სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს აწესრიგებს და სანებართვო პირობების დაზუსტებას უზრუნველყოფს. ნებართვების მფლობელთათვის ინტერნეტ-დომენებისა და ვებ-გვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი ზუსტდება. ამასთან, მათ დაემატათ ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.
ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელებისთვის აზარტულ თამაშობებში ჩართვა მარტივდება, ამასთან, თამაშებში ჩართული უცხოელები გადასახადისგან თავისუფლდებიან, ხოლო სათამაშო ბიზნესი უცხოელებისგან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება.
სიახლის ხარვეზებსა და უზუსტობებზე UNICEF-ის ექსპერტმა, “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჰიბრიდულ ხასიათს ატარებს. თუკი მას ბოლომდე გავეცნობით, იქ განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ ონლაინ-კაზინოს ერთი დომენი ექნება, ის იქნება გამოყენებული ან კონკრეტულად საქართველოს მოქალაქისთვის, ან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან ორივესთვის ერთად, რაც ჩემთვის კითხვის ნიშანს აჩენს. მაშინ რაში გვჭირდებოდა ორი დომენის შემოღების საკითხი, თუკი საქმე ერთითაც კეთდება? ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გააჩენს გარკვეულ ხვრელებს. მთელი ჩვენი მოქმედებები ამდენი წლის მანძილზე იქით იყო მიმართული, რომ უნდა შემცირებულიყო მოზარდების დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე.
2019 წელს, როცა ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ანგარიშის გახსნა ონლაინ-სამორინეში, ასაკის მიუხედავად, სადაც ნებისმიერი 11-ნიშნა რიცხვი მისაღები იყო რეგისტრაციისთვის, ახლა ჩნდება საშიშროება, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს“ – ამბობს გუგა ბესელია.
მან მარეგულირებელი ორგანოს შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ სფეროში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს.
„სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ არის უკეთესობისკენ და ჩემი გადმოსახედიდან, ეს არც შეიცვლება. თუკი არ გავითვალისწინებთ ევროპულ გამოცდილებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე. მითუმეტეს, რომ საქართველოში იმ ადამიანების დეფიციტია, ვინც ამ საქმეში კარგად ერკვევა.
უფრო დეტალურად რომ ავხსნა, აღმასრულებელი ორგანო თამაშდამოკიდებულთა მიმართულებით არის , ფინანსთა სამინისტრო არის მარეგულირებელი, განათლების სამინისტრო პასუხისმგებელია ცნობიერების ამაღლებაზე მოსწავლეებში, ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია მის პრევენციაზე, ამ ყველაფერში ჩართულია ეროვნული ბანკიც, რომელიც ტრანზაქციებს აკონტროლებს. ანუ, ჯამში 5 უწყებაა ჩართული ამ სფეროში და ამავდროულად, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება“ – აცხადებს გუგა ბესელია.
მაგალითად მან ბრიტანეთი მოიყვანა, სადაც მსგავსი ორგანო , 2000-იან წლებში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აქტიურად ფუნქციონირებს. ბესელიას თქმით, სექტემბერში ისინი თავისი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავენ.
bpn.ge