“ეს სტალინისთვის! ეს ბერიასთვის!” – ქართველთა დასჯის ქრონიკა: რა საიდუმლო დოკუმენტები მოიპოვა “სობჩაკის კომისიამ”

მე-20 საუკუნეს მრავალი ტრაგედია და სისასტიკე ახსოვს, რომლებსაც ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია ის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მხუთავი გაზით, ორგანული თუ ლაბორატორიებში მიღებული შხამ-საწამლავებით, როგორც საცდელ ცხოველებს, ისე ანადგურებდნენ. თუ ნაცისტურ გერმანიაში იოზეფ მენგელე (1911-1979) ატარებდა სამედიცინო-ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ებრაელებზე, ბოშებსა და სამხედრო ტყვეებზე, საბჭოთა კავშირში გრიგორი მაირანოვსკი (1899-1964) ანადგურებდა ეგზოტიკური შხამებით „ხალხის მტრებს“. აღმოსავლეთში კი, იაპონელ მილიტარისტთა საიდუმლო რაზმი „731“, შირო იშიის (1882-1959) მეთაურობით ახორციელებდა ფართომასშტაბიან ქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ ექსპერიმენტებს ჩინეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, სამივე ჯალათი გაექცა სამართლიან სასჯელს და საკუთრ საწოლში გარდაიცვალნენ.

ვფიქრობ, გადამეტებული არ იქნება, რომ 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანმიმართული დარბევა-დაჩეხვა და ნაცნობ-უცნობი ქიმიური ნივთიერებებით მოწამლვა, ზემოაღნიშნულ დანაშაულთა რიგში დავაყენოთ. ეს იყო საბჭოთა იმპერიის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დონეზე დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაული, რომელიც კონკრეტულად ქართველების დასჯას ისახავდა მიზნად. ამას ადასტურებს თვითმხილველთა მონათხრობი იმის შესახებ, რომ საბჭოთა მედესანტეები და სპეცრაზმელები ხელკეტისა და ხელბარის მოქნევას თან აყოლებდნენ: „ეს სტალინისთვის“, „ეს ბერიასთვის“. გარდა ამისა ის ფაქტი, რომ დღემდე (!) დაუდგენელია, თუ რა და რამდენი სახის ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მაფიქრებინებს, რომ 9 აპრილს გამოყენებული იყო ახალი ნივთიერება, რომლის გამოცდა-ექსპერიმენტი სწორედ ქართველებზე მოაწყვეს. ამ ვერსიის მთავარ არგუმენტებს ქვემოთ გაგაცნობთ.

9 აპრილის ტრაგედია საბჭოთა კავშირში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესების დაწყებას დაემთხვა. 1989 წლის 26 მარტს ჩატარდა საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების . ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო, არჩევნის გაკეთება დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატს შორის. ამის შედეგად მაშინ ჯერ კიდევ ფორმალურად საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოს შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც კომუნისტურ დიქტატურას ღიად თუ ფარულად აკრიტიკებდა.

მერწმუნეთ: საკუთარი აზრის საჯაროდ და თავისუფლად გამოთქმას მოკლებული საბჭოთა მოქალაქეებისთვის ყრილობის სხდომები, რომლებიც ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, დაძაბული დეტექტივივით საინტერესო საყურებელი იყო. მანამდე კი 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ საბჭოთა ხელისუფლებამ „საინფორმაციო ბლოკადა“ მოაწყო და დეზინფორმაციას ავრცელებდა.

1989 წლის 26 აპრილს მთავარმა საბჭოთა „დეზინფორმაციულმა მანქანამ“ – „ვრემიამ“ გადასცა ცნობა იმის შესახებ, რომ ვითომდა, გვამების გაკვეთის შემდეგ დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი არ იყო ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა. ეს მაშინ, როცა არც ერთ სასამართლო-სამედიცინო კომისიას და ექსპერტიზას მსგავსი დასკვნა ჯერ არ ჰქონდა გაცემული.

1989 წლის 17 მაისს გამოქვეყნდა ქალაქ თბილისში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის (ხელმძღვანელი პროფესორი თამაზ შავგულიძე) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ქვეკომისიის (რომელსაც აკადემიკოსი მალხაზ ზაალიშვილი ხელმძღვანელობდა) მიერ გაწეულ სამუშაოთა დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო: „დადგინდა, რომ სამხედრო ნაწილებმა გამოიყენეს მრავალი სახეობის „ჩერიომუხა”, რომლის შემადგენლბაში, ძირითადად, შედის ცრემლმდენი მომწამვლელი ნივთიერება – ქლორაცეტოფენოლი (ქაფი). აგრეთვე, გამოყენებული იყო მეორე ძლიერი გამაღიზიანებელი ნივთიერება – „სი-ესი”. 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა სამედიცინო გამოკვლევები არაფრით არ ეტევა მხოლოდ მოცემულ მომწამლავ ნივთიერებათა ფარგლებში. ავადმყოფებს შეენიშნებათ ფსიქიკური მოშლილობა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, სიკვდილის შედეგით. ამიტომ უყოყმანოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოყენებული იყო უფრო ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერებანი, რომლებიც გარდაუვლად ბლოკირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის სპეციფიკურ რეცეპტორებს. ათობით ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული, ზედა სასუნთქი გზების დამწვრობით, რაც ქიმიური მოწამვლის შემთხვევებისთვის დამახასიათებელია“ (ციტატის დასასრული). მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა „ქართული კომისიის“ დასკვნა ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაობიექტურად და მიკერძოებულად მიიჩნია. მათ მიერ მართული ჟურნალ-გაზეთები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ დემონსტრანტებმა პირველებმა შეუტიეს და ჯარისკაცები მხოლოდ თავს იცავდნენო. „საინფორმაციო ომს“ აშკარად ვაგებდით.

1989 წლის 25 მაისს, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების ყრილობა გაიხსნა თუ არა, ლატვიელი დეპუტატი ვილენ ტოლპეჟნიკოვი პრეზიდიუმის დაუკითხავად აიჭრა ტრიბუნაზე და 1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ფეხზე ადგომა მოითხოვა. ყველა დეპუტატი, მათ შორის – კომუნისტური პარტიის დიდ-პატარა ლიდერები და სამხედრო მეთაურები იძულებულნი იყვნენ, ფეხზე წამომდგარიყვნენ.

ამის შემდეგ ვ. ტოლპეჟნიკოვმა განაცხადა: „შემომაქვს სადეპუტატო შეკითხვა: ჩემი ამომრჩევლების დავალებით მოვითხოვ, რომ საჯაროდ გამოცხადდეს ახლა და აქ, სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე, ვინ გასცა 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემისა და მათ წინააღმდეგ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების ბრძანება და ასევე დასახელდეს ამ მომწამლავი ნივთიერებების სახელწოდებები“ (ციტატის დასასრული).

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება