„ეს საწვავს დაახლოებით 1 ლარით გააძვირებს“ – მთავრობამ იმპორტიორებს შესაძლოა, საწვავის მარაგების შექმნა დაავალდებულოს

მთავრობამ ნავთობის იმპორტიორებს შესაძლოა საწვავის მარაგების შექმნა დაავალდებულოს. ამას ქვეყანაში „ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.

დოკუმენტი პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტთა ნუსხაშია შეტანილი. დოკუმენტს უკვე იცნობს კერძო სექტორი და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ საწვავის რამდენიმეთვიანი რეზერვების შექმნას ავალდებულებს.
კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის აღწერაში ვკითხულობთ, ეს ვალდებულება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან მომდინარეობს.