„ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა…“ – პედიატრის გაფრთხილება

მითები სეზონურ გაციებასა და მისი მკურნალობის მეთოდების შესახებ – აღნიშნულ საკითხზე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ პირდაპირ ეთერში პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა.
მითი N1 – თბილად ჩაცმა ბავშვს იცავს გაციებისგან
„ზედმეტად თბილად ჩაცმა არ გვიცავს გაციებისგან. პირველ რიგში, იწვევს ორგანიზმის გადახურებას, შემდეგ ამას მოჰყვება ორთქლის გამოყოფა, რასაც თან ახლავს კანის გაგრილება, შესაბამისად, შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას“.
მითი N2 – გაციებული ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„პირიქით, ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, რომ თუ ამინდი შესაბამისია და ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა, მაქსიმალურად ხშირად გაიყვანონ გარეთ.”
მითი N3 – გაციებული ბავშვის დაბანა არ შეიძლება
„გაციებული ბავშვის დაბანა აუცილებელია“.
მითი N4 – სიცივის დროს ფეხზე თბილად ჩაცმა აუცილებელია
„ფეხზე თბილად ჩაცმა საერთოდ არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით ავადობის პერიოდში. ხშირად მოჰყავთ ბავშვი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი – ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“.
მითი N5 – აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ბავშვი, თუ ახალი გამოსულია თბილი აბაზანიდან, მაშინვე მისი გარეთ გაყვანა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს რისკი, რომ განვითარდეს რომელიმე ინფექცია. თუმცა, როცა სხეულის ტემპერატურა შეეგუება გაგრილებას, მაშინ უკვე შეგვიძლია გავიყვანოთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ“.
მითი N6 – სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ზოგადად, ცხელება არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე და შესაბამისად, ამას ყველა ინდივიდი აღიქვამს ინდივიდუალურად. შეიძლება ბავშვი 37.5 გრადუსზე ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს და შესაძლოა, სხვა ბავშვი 38 გრადუსზეც კი ძალიან აქტიური იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვი აქტიური და ენერგიულია, შეგვიძლია გავაგრილოთ, გავიყვანოთ გარეთ.
მითი N7 – 40 დღემდე ბავშვის ზამთარში გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ესეც არასწორია. ახალშობილობის ასაკიდან ვიწყებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას,სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. გაყვანას ვიწყებთ გარკვეული დროით და ადაპტირების ხარჯზე ვზრდით დროის მონაკვეთს. თუ ზაფხულში გაგვყავს 3-4 საათით, ზამთარში ეს ვერ იქნება 3-4 საათი, ვინაიდან ბავშვი თვითონვე შეწუხდება, თუმცა, შეგვიძლია დავყოთ და ეტაპობრივად გავიყვანოთ დღის მანძილზე“
განაგრძეთ კითხვა:
VIDEO: რა ხდება უბედური შემთხვევის ადგილზე, სადაც მაშველები მეთორმეტე დღეა 41 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ (ინდოეთი)
თუ ღია სივრცეში ძაღლს საბელისა და ალიკაპის გარეშე გაიყვანთ, 150 ლარით დაჯარიმდებით