უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.
„როდესაც 25 წელზე მეტი ხნის წინ რუსეთში ძალაუფლება პუტინს უბოძეს, უკრაინის ტერიტორიით ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130+ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი 0-ს შეადგენს. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია“ , – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ენერგორესურსების იარაღად გადაქცევა და პარტნიორების ცინიკური ენერგეტიკული შანტაჟი არის ის, რამაც რუსეთს ჩამოართვა მისთვის ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი.
„გარემოებების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა მსგავს ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანაა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გავუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ სქემებს ამჯობინებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 1-ელი იანვრიდან უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.