საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მხოლოდ დიდი კრიზისის დასაწყისია – ასეთ პროგნოზს ნავთობპროდუქტების ტრეიდერი და ექსპერტი გიორგი კაპანაძე აკეთებს. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე მინიმუმ 150 დოლარს მიაღწევს.
ექსპერტის განმარტებით, კრიზისის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა, რაც მიწოდების ჯაჭვს მნიშვნელოვნად აფერხებს. კაპანაძე აღნიშნავს, რომ სრუტის გახსნა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, რაც ფასებზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.
“ეს კრიზისის მხოლოდ დასაწყისია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. მინიმალური ნიშნული, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს, ეს არის ბარელზე 150 დოლარი. ჰორმუზის სრუტე არ იხსნება და არც აპირებენ გახსნას, როგორც ვხედავთ. გააჩნია როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, თუმცაღა პოლიტიკაზე ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ წმინდა ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაგრამ პოლიტიკას ვერ გავურბივართ.
ყოველ შემთხვევაში, აქ აუცილებლად ნიშანდობლივია ერთი საკითხი: 1970-1975 წლის შემდეგ ირანის ნავთობი ასეთი მოცულობით არ გაყიდულა, როგორც ახლა იყიდება. ამას არც აშშ და არც ევროკავშირი არ უშლის ხელს. ფაქტობრივად სანქციები არაოფიციალურად მოხსნილია. თავიდან გაცხადებული იყო, რომ ტანკერებზე არსებულ საწვავზე იყო მხოლოდ საუბარი, მაგრამ როგორც დაკვირვებები გვაჩვენებს, სულ ახალ-ახალი პარტიები გამოდის ირანიდან. მხოლოდ ყიდის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მათ მიმართ მინიმუმ ლოიალურად მაინც არიან განწყობილნი. არ ყიდიან ამერიკულ კომპანიებზე, არ ყიდიან ევროკავშირის კომპანიებზე და საკმაოდ დიდი ტვირთები გამოდის დღეს ირანული. ასევე რამდენიმე ტანკერი გაატარეს, ინდური ტანკერები გაატარეს და მათ აქვთ შესაძლებლობა კიდევ დიდხანს დაიკავონ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი. თუკი ამას დაემატება კიდევ სუეცის არხი, ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა – მაშინ შეიძლება 200 დოლარიანი ნიშნულიც ვიხილოთ ბარელზე.”-აცხადებს ნავთობპროდუქტების ტრეიდერი და ექსპერტი გიორგი კაპანაძე.
გიორგი კაპანაძე საუბრობს საქართველოს ბაზარზეც და ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე ნავთობის გაძვირების სრული ეფექტი არ ასახულა, რადგან კომპანიებს მარაგები ჰქონდათ. მისი შეფასებით, აპრილის შუა რიცხვებიდან საწვავზე ფასის უფრო მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ.
“სასიქადულოდ ქართველი იმპორტიორებისთვის უნდა ითქვას, რომ მათ რაღაც გარკვეული საკმაოდ დიდი მარაგები ჰქონდათ ახალი წლის შემდეგ შევსებული და ამის გამო ჯერჯერობით ინარჩუნებენ რაღაც სტაბილურ მონაცემებს, სტაბილურ სიტუაციას, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი აპრილიდან რუსეთიდან არასანქცირებული კომპანიებიდანაც კი აიკრძალა ბენზინის ექსპორტი, ალბათ აპრილის შუა რიცხვებიდან უფრო მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, თუკი ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არ შეიცვლება. თუკი შეიცვლება, გააჩნია როგორ შეიცვლება, როგორ წავა და როგორ განვითარდება მოვლენები, იმაზე იქნება დამოკიდებული,”- ამბობს ნავთობპროდუქტების ტრეიდერი და ექსპერტი გიორგი კაპანაძე.




