„ეს იძულება არაა… თუ ჩვენი საზოგადოების წევრობა გინდა, შესაბამისად უნდა მოიქცე“ – ჯეიმს ო’ბრაიანი სანქციებზე

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და ნატოსკენ”,- ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს ო'ბრაიანმა “ამერიკის ხმის” შეკითხვაზე პასუხად გააკეთა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ამბობს, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება არ ნიშნავს ქვეყნის “დაშანტაჟებას”, როგორც ამას საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი მ რამდენიმე დღის წინ უწოდა.
“ვფიქრობთ, რომ ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ეს ჩემი გასულ კვირას [საქართველოში] ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო”,- ამბობს ო'ბრაიანი.
“ამერიკის ხმამ” ჯეიმს ო'ბრაიანს სთხოვა, განემარტა, თუ რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე.
“რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან”,- გვეუბნება ო'ბრაიანი.
შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია. თუმცა, მან განმარტა, როგორ მუშაობს პროცესი და რა მოლოდინი შეიძლება ახლა საქართველოს ხელისუფლებას ამერიკისგან ჰქონდეს:
“რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს”.
ო'ბრაინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეზღუდვები დაუწესდებათ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსაც, ვინც სიაში მოხვდება: “მოგეხსენებათ, დებულების მიხედვით, ეს [სავიზო შეზღუდვები] მხოლოდ თანამდებობის პირებს კი არა, მათი ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა, ეს განცხადებაა, რომ თუ გსურს იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის ისარგებლო ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა, რომ შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა დაიწყო ისე ქცევა, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება. მხოლოდ ესაა, რასაც ვამბობთ”.
ვრცლად amerikiskhma.com

ასევე დაგაინტერესებთ