„ეს იყო შეკვეთილი პატიმრობა და საფრთხე არსად გამქრალა“ – აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ

საქართველოში ცხრათვიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თავისუფალია. აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარმა რედაქტორმა საპატიმრო დაწესებულება 16 აპრილს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
17 აპრილს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ, აფგან სადიგოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს:
„გვიხარია, რომ ცხრათვიანი ტანჯვის შემდეგ აფგან სადიგოვი თავისუფალია, თუმცა, ამ სიხარულს ამცირებს ჩვენი შიშები მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ უპირობო ლოიალობას და თანამშრომლობას აქვს ადგილი „ქართულ ოცნებასა“ და ალიევის რეჟიმს შორის.
დღეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და გენერალური მოწოდებაა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომ აფგან სადიგოვის უსაფრთხოება მთლიანად არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხი. თუკი აფგანი დადგება რაიმე რისკის წინაშე, ეს მხოლოდ არსებული პოლიტიკური რეჟიმის დანაშაული და პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი 2024 წლის 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. მეორე დღეს საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
საპატიმროს დატოვების შემდეგ, აფგან სადიგოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოში მისი დაკავება აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთა იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აღასრულა. მისივე თქმით, ის საფრთხეები, რომელიც მას საქართველოში დაკავებამდე ჰქონდა, კვლავ დღის წესრიგში რჩება:
„ეს იყო შეკვეთილი პატიმრობა, მატერიალურად არის დამოკიდებული ალიევზე და ის იძულებულია, რომ ალიევის დაკვეთები აღასრულოს.
აზერბაიჯანში ყოფნისას ვამხელდი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობას. ვასაჯაროებდი მათ ნარკობიზნესში ჩართულობას თუ უსამართლობას მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, აზერბაიჯანში ჩემი პირველი პატიმრობის დროს, ვნახე ნაწამები ხალხი, მე ვისმენდი მათ ისტორიებს ციხის ჰოსპიტალში ყოფნისას, ამ ყველაფერზე არ გავჩუმდი და ამის გამოც ამომიღეს მიზანში.
რა თქმა უნდა, საფრთხე, რომელსაც ვგრძნობდი, არსად გამქრალა. სანამ დამაპატიმრებდნენ, აზერბაიჯანიდან მომდიოდა გზავნილები, რომ მე საქართველოში უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი, იქაც მოგწვდებითო, მემუქრებოდნენ, რომ მაგალითად, შეიძლება ნასვამმა მძღოლმა გაგიტანოს მანქანითო, მშენებარე კორპუსიდან აგური დაგეცესო. მემუქრებოდნენ, ახალგაზრდა ცოლი გყავს და ქუჩები სავსეა სექსუალური მანიაკებითო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას აფგან სადიგოვმა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საპატიმროში 161 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
მისი ოჯახი – ცოლი და ორი არასრულწლოვანი შვილი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მათთვის უსაფრთხო ქვეყანაში არიან გადაყვანილები:
„იმ რეპრესიებმა და მუქარამ, რომელსაც ეს ოჯახი იღებდა, ჩვენ იძულებული გაგვხადა, რომ ოჯახი სხვა, უსაფრთხო ქვეყანაში გადაგვეყვანა. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ ხელი შეუწყოს ოჯახის გამთლიანებას და დაუშვას აფგან მუხთარლის გაყვანა ქვეყნიდან“, – თქვა 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თამთა მიქელაძემ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი მარიამ ყველაშვილი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფგან სადიგოვისთვის 5000 ლარიანი გირაოს დაკისრების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ:
„ჩვენ სასამართლოს მივუთითებდით, რომ არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის მიმართ ნებისმიერი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას“.
2025 წლის 27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. ჟურნალისტის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
გასული წლის 18 ივლისს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისულ ჟურნალისტს, პასპორტის კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო, ეს მისი წარმოშობის ქვეყანა, ანუ აზერბაიჯანი იყო.
აფგან სადიგოვს, რომელიც აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს დააპატიმრეს, რადიო თავისუფლება გასული წლის ივლისში, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ელაპარაკა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანში იდევნებოდა მისი საქმიანობის გამო და არც ის და არც მისი ოჯახი საქართველოში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდნენ.
აფგან სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან, 10 და 15 წლის გოგოებთან ერთად, საქართველოში შარშან, 24 დეკემბერს ჩამოვიდნენ. აფგან სადიგოვი საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, სამკურნალოდ ჩამოვიდა, რადგან აზერბაიჯანში პატიმრობისას მან 200 დღეზე მეტი იშიმშილა და ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
აფგან სადიგოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში რჩება და ბრძოლას დიქტატურის წინააღმდეგ საქართველოდან აგრძელებს.
ფორუმი