ეს იყო მიზანმიმართული ალყა, ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ – ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

ეს იყო მიზანმიმართული ალყა, ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ – ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე
იმ დროს, იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი, მათთვის იყო მტერი, რომელიც უნდა ეცემათ, დაესახიჩრებინათ. ის ადამიანიც, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, ან ცოცხალია თუ არა, რომელსაც თავი ჰქონდა გადახსნილი და მუქი ყავისფერი მასა იფრქვეოდა, შესაძლოა, ერთ-ერთი იყო, რომელიც შემდეგ მერე სახურავზე “შემოდეს” და თქვეს, რომ დენმა დაარტყა და იმიტომ გარდაიცვალა. იქ დენის დარტყმით არავინ გარდაცვლილა, ყველა ვინც მოკლეს ან დაშავდა, ყველა იყო სააკაშვილის ხელით ნაცემი და სააკაშვილის ხელით მოკლული, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
სივსივაძის თქმით, დარბევისას შეგნებულად ჩაკეტეს ყველა გასასვლელი, რომ იქ მყოფ ადამიანებს რუსთაველის გამზირის დატოვების საშუალება არ ჰქონოდათ და ყველა მათგანს სასტიკად გასწორებოდნენ.
“ახლა რომ ვუფიქრდები, ეს იყო შეგნებული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა, სადაც არ დატოვეს გასასვლელი. კინოთეატრ “რუსთაველთან” ჩასასვლელი იყო ჩაკეტილი, პარლამენტის ორივე მხრიდან მოდიოდა სპეცრაზმი, ქაშვეთის მხრიდან ასევე იყო შემოტევა – წყლის ჭავლი, გაზი და ათასი უბედურება. კანცელარიისკენ ამავალი კიბე იყო ჩაკეტილი, პირადადაც ვცადეთ მე და გიორგიმ [მამაცაშვილი] იქ ასვლა და არ აგვიშვეს. რჩებოდა ერთადერთი – თავისუფლების მოედანი, სადაც უზარმაზარი სივრცეა, წარმოიდგინეთ ამ გზის ჩაკეტვას რამდენი სპეცრაზმელი და სამხედრო სჭირდება და ესეც ისე ჰქონდათ ჩაკეტილი, რომ გავლა ვერ მოვახერხეთ. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მიზანმიმართული ალყა, მიზანმიმართული ყულფი, სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ ზოგს როგორ და ზოგს – როგორ. აღარ მინდა ჩვენი მეგობრის დათხრილ თვალზე და სხვათა ჭრილობებზე ვისაუბრო. ეს იყო შეგნებულად გამიზნული ალყა,” – განაცხადა ბექა სივსივაძემ.