“ეს იყო კლასიკური გატაცება” – კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება. გამოკითხვამდე თბილისის საქალქო სასამართლოსთან მან ისაუბრა მისი გატაცების დეტალებზე.
“ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან. ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია. იყო რამდენიმე ადამიანი, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ალბათ, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი ამაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმ სეტის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ. თუმცა, მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებში შესაბამისი პირბადესავით რაღაცის წამოცმის შემდეგ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არცთუ ისე შორს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან. მე ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია. ვვარაუდობ კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს უბრალოდ ვარაუდებია არის. შემდგომში იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც ჩემი მხრიდან, ცხადია, შესრულდა. იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ პრინციპულად მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და მეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და იმ საკითხებზე, რა საკითხებზე მიდიოდა საუბარი – აქ იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათი ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ. ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, როცა ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელბულ უსამართლობაზე და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რაც განხორციელდა და ამას შესაბამისი პოლიტიკური შედეგები ექნება”, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.
8 ივნისს კოტე იოსელიანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ს უფროს ვაჟს. ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ.
მეორე დღეს, იოსელიანის ცოლმა, “ნაციონალური მოძღაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
2018 წელს კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და მალევე აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – თქვა იოსელიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს.
კოტე იოსელიანი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მათ შორის, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი ბოლო საჯარო პოსტები 2020 წლით თარიღდება. 5 წლის შემდეგ მან პირველად დაპოსტა და სოციალურ ქსელში უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოსახდელად ვიდე ატვირთა.