“ეს იმდენად სერიოზულია დარღვევაა, რომ გამამართლებელი განაჩენის საფუძველია” – ანა დოლიძე ქართულის არმცოდნე პირის თარჯიმნის გარეშე გასამართლებაზე

10 იანვარს ალიამ გამოაქვეყნა მასალა სათაურით, სკანდალი სასამართლოში – უპრეცედენტო დარღვევები და “სააპელაციოში” მტკიცებულებების გარეშე დარჩენილი საქმე, სადაც საუბარია არაერთ დარღვევაზე, მათ შორის, ფუნდამენტური უფლების, პირს ბრალი გაეცნოს მისთვის გასაგებ ენაზე, უგულებელჰყოფაზე. მოქალაქე ნ.ა., რომელიც არ ფლობს ქართულ ენას გაჩხრიკეს, დააკავეს, გაასამართლეს კიდეც თარჯიმნის გარეშე. ამჯერად საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, სადაც ადვოკატებმა ნათია ჩხეტიანმა და სოფო ბონდარენკომ, რომლებიც სააპელაციო პროცესისას ჩაერთვნენ საქმეში, თარჯიმნის შუამდგომლობა დააყენეს, მოსამართლემ, ვახტანგ მრელაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა, თუმცა, თარჯიმნის დანიშვნა ისედაც მისი ვალდებულება იყო და ამას შუამდგომლობა არ სჭირდებოდა.
რამდენად მნიშვნელოვანია სამართალწამოების არმცოდნე პირს ჰქონდეს თარჯიმნით სარგებლობის უფლება და სადამდე მივყვართ ასეთ უხეშ დარღვევებს, “ალიას” ამ კითხვას პოლიტიკოსი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, პასუხობს.
ანა დოლიძე:
–სამართლიანი სასამართლოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანს ესმოდეს მისთვის წარდგენილი ბრალდება, საშუალება ქონდეს თავის დაცვის და მართლების, სასამართლოს წინაშე ორივე მხარე, ბრალდების და დაცვის, უნდა იყოს თანასწორი, თუ ადამიანმა არ იცის ბრალდების არსი, ვერ გაეცნო მტკიცებულებებს, როგორ იქნება თანასწორი? სამართალწარმოების არმცოდნე ადამიანისთვის თარჯიმნის გარეშე ბრალის წარდგენა და გასამართლება, იმდენად სერიოზულია დარღვევაა, რომ ეს გამამართლებელი განაჩენის საფუძველია. გავეცანი აღნიშნულ მასალას და იმაზე დაყრდნობით, რასაც წერს, სამწუხაროდ, გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ შეიძლება აღნიშნულ პრობლემას ჰქონდეს სასამართლოში სისტემური ხასიათი?
ალია:
– ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ სასამართლოს გუშაგის დირექტორს, იუსტიციის საბჭოს ასევე ყოფილ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც გვითხრა, მათი ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოში თარჯიმნის ხარისხის შემოწმება საერთოდ არ არის სათანადოდ მოწესრიგებული. ასევე, დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, ისინი გვეუბნებიან, რომ მსგავსი პრობლემა ჰქონდათ და გვთხოვენ მათი საქმის მასალებსაც გავეცნოთ. შესაბამისად, ეჭვის საბაბი, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სისტემურ პრობლემასთან, არის, კი, და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელებასაც ვგეგმავთ.
ანა დოლიძე:
–დიახ, ძალიან დამაფიქრებელია, ვის სჭირდება საქართველოში თარჯიმანი, ვინ შეიძლება არ იცოდეს სამართალწარმოების ენა, რომელიც საქართველოში ქართულია? – სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ან ეროვნულ უმცირესობას, ორივე მათგანი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვარდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, აუცილებლად უნდა გავიკითხოთ და გავარკვიოთ, ხომ არ არის სისტემური პრობლემა თარჯიმნის მომსახურების მიღება სამართალწარმოების ენის არმცოდნე პირებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ