ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას განცხადებით, სახაროვის პრემიის გადაცემა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების,„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტისთვის, დიდი გამარჯვებაა.
ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტში ქმართან ერთად, სერგეი ტიხანოვსკისთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ბელარუსში რეჟიმის 5-წლიანი პატიმრობისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. 2020 წელს ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სწორედ ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს გადასცა, მათ შორის იყო სერგეი ტიხანოვსკიც.
„დიდი პატივია გამოსვლის დაწყება ასეთი შესანიშნავი ამბებით. გულწრფელად ვულოცავ ანდჟეი პოჩობუტს, მის ოჯახს და ყველა ბელარუსელს. რა თქმა უნდა, ვულოცავ მზია ამაღლობელსაც. მინდა მადლობა გადავუხადო ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს(ECR) და ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ანდჟეი პაჩობუტის სახაროვის პრემიაზე წარდგენისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მის კანდიდატურას მისცა ხმა. ანდჟეი ბელარუს-პოლონელი ჟურნალისტია, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ და დიქტატორის პირად მტრად იქცა. მას შემდეგ, რაც მას 8 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში პატიმრობა მიესაჯა, თქვა: „სუფთა სინდისით მივდივარ ციხეში“.
ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც ბელარუსში ასეთი დრო დადგებოდა, ციხეში აღმოვჩნდებოდი. სახაროვის პრემიის ანდჟეისა და საქართველოდან უშიშარი მზია ამაღლობელისთვის მინიჭება ყველა პოლიტპატიმარს მტკიცე გზავნილს უგზავნის, რომ „მარტო არ ხართ და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“. როგორც გერმანელმა პარლამენტარმა მანუელა როტმანმა ერთხელ თქვა: „დღეს გმირები ფილმებში არ არიან. გმირები ციხეებში არიან“. ანდჟეი და მზია მათ შორის არიან. ასე, რომ გილოცავთ. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.
2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები — „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ-ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი — გახდნენ.
სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულების აღიარების ნიშნად. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.
სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის იყვნენ:
· მზია ამაღლობელი სახაროვის პრიზის გამარჯვებულია
