„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანის, ჩვენი ქვეყნის ღალატი“ – “სარდანაშვილის მეღვინეობა” რუსულ კანონზე

„ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით ღალატი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიული არჩევანის, რაც ძალიან ბევრ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს საზოგადოების ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში და ნებისმიერ სფეროში“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში “სარდანაშვილის მეღვინეობის” დამფუძნებელმა ალეკო სარდანაშვილმა გააკეთა.
მეღვინე ამბობს, რომ სწორედ ევროკავშირის გრანტების დახმარებით შეძლო არაერთმა ქართველმა მეწარმემ წარმოების განვითარება და საკუთარი პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა.
„ცალსახად უარყოფითად ვაფასებთ. თუ ამ გზით წავედით რა თქმა უნდა შემცირდება დასავლელი ვიზიტორების რიცხვი, რადგან ადამიანებს არ სურთ კრემლის სატელიტურ ქვეყანაში მოგზაურობა. შემდეგი პრობლემა რაც დაუდგება მეღვინეებს და არა მხოლოდ მეღვინეებს არამედ სხვებსაც, ეხება გრანტების ეტაპობრივად შეწყვეტას. ამ გრანტების საშუალებით ძალიან ბევრმა მეღვინემ, შეძლო თავისი საქმიანობის განვითარება და ევროპაში პროდუქტის გატანა. ეს ეტაპობრივად შეწყდება, რაც ჩვენს ეკონომიკაზე და მეწარმეებზე უარყოფითად აისახება. მესამე და მთავარი ეს არის რა თქმა უნდა იმ თავისუფლების დაკარგვა, რასაც თაობებმა თავი შესწირეს. ამას ვკარგავთ, ამიტომ ძალიან ბევრი ნეგატიური მხარე აქვს.
ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება და მათ მხარეს არის სიმართლე, რაც აბსურდია, კომიკურია, მაგრამ საუბედუროდ ეს ხალხი მართავს ჩვენს ქვეყანას.“ – განაცხადა ალეკო სარდანიშვილმა.
“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!” – ამ სახელწოდებით მეღვინეებმა რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ინფიცირებულ და პირველი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. სექტორის წარმომადგენლები მიმართავენ ყველას, კანონზე მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი, ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას – აშშ-ის საელჩო