ტელეკომპანია „თრიალეთმა“ სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტეს. ტელეკომპანია მიზეზად ხელისუფლების მხრიდან სისტემურ ფინანსურ ზეწოლას ასახელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კანონდარღვევით ახორციელებს ზეწოლას „თრიალეთზე“. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ სამჯერ დაადეს ინკასო კომპანიის ანგარიშებს, ჩამოაჭრეს თანხები, შემდეგ მოხსნეს და კვლავ აღადგინეს შეზღუდვა – არა მხოლოდ საგადასახადო აღსრულების მიზნით, არამედ დამოუკიდებელი მედიის ეკონომიკური დესტაბილიზაციისთვის.
საქართველოს კონსტიტუცია ყველასთვის უზრუნველყოფს კანონის წინაშე თანასწორობას და კრძალავს დისკრიმინაციულ ან შერჩევით მოპყრობას. შემოსავლების სამსახური ვალდებულია მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ პირებს ერთნაირად მოეპყროს.
ხელისუფლებასთან დაახლოებულ მედიაორგანიზაციებს აქვთ ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, თუმცა მათ მიმართ არ გამოიყენება მკაცრი ზომები. მაშინ როცა „თრიალეთის“ მიმართ – რომლის დავალიანებაც მნიშვნელოვნად ნაკლებია – გამოყენებულია ყველაზე მძიმე აღსრულების ფორმა, რამაც გამოიწვია მისი საქმიანობის პარალიზება.
სახელმწიფომ უარი თქვა „თრიალეთისთვის“ კანონით გათვალისწინებულ საგადასახადო შეთანხმების მექანიზმზე, მაშინ როცა ამავე ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ასეთი შეთანხმება გააფორმა ათიათასზე მეტ ორგანიზაციასთან, ხოლო ჩამოწერილი თანხა 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.
ასეთი განსხვავებული მიდგომები წარმოადგენს შერჩევით სამართალს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპს. შემოსავლების სამსახურმა დაარღვია პროპორციულობისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპები. ეს არ არის საგადასახადო აღსრულება – ეს არის პოლიტიკური შურისძიება.
თავისუფალი მედიის ჩახშობის მცდელობის შესახებ.
არავინ იკვლევს, დაირღვა თუ არა კანონი. არავინ ინტერესდება, შეილახა თუ არა ადამიანის უფლებები. ყველა ჩუმად ელოდება, როდის ჩაახშობენ დამოუკიდებელ მედიას!
ეს არის სამართლიანი ქვეყანა?
ეს არის თქვენი დემოკრატია?




