ეს არის მცდელობა, გაანადგურონ ერი, წაშალონ ქვეყანა რუკიდან – სტეფანჩუკი რუსეთის ბოლო თავდასხმებზე

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ეხმაურება ბოლო დღეების მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის ქალაქებზე. მისი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ისროლა 9 ბალისტიკური რაკეტა, 60 ფრთოსანი რაკეტა და 298 დრონი. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა და 10 დღის წინ, სტაბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ტყვეებს ცვლიან.
რუსლან სტეფანჩუკის შეფასებით, თავდასხმების მასშტაბი მიუთითებს, რომ ეს არა მხოლოდ სამხედრო ოპერაცია, არამედ ერის განადგურების მცდელობაა.
ის ითხოვს მეტი იარაღსა და საჰაერო თავდაცვას უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას.
“ზედიზედ მე-2 ღამეა, რაც რუსეთი უკრაინას ატერორებს. ამჯერად – კოორდინირებული საჰაერო თავდასხმა: 9 ბალისტიკური რაკეტა, 60 ფრთოსანი რაკეტა (საჰაერო და საზღვაო), 298 დრონი. ამ თავდასხმების მასშტაბი თავისთავად ცხადია. ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს არის მცდელობა, გაანადგურონ ერი, წაშალონ ქვეყანა რუკიდან. არიან დაზარალებულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. ჩემი გულწრფელი სამძიმარი ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები. არ არის საკმარისი მხოლოდ მომხდარს დაგმობა. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ გვჭირდება იარაღი. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები. ყველა დაგვიანებული გადაწყვეტილება ნიშნავს ტერორის კიდევ ერთ ღამეს. და ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე: მეტი სიძლიერე, მეტი სიმტკიცე, მეტი ერთიანობა. უკრაინა გაუძლებს. თუმცა, ყოყმანის ყოველი წამი ადამიანების სიცოცხლეს რისკის უქმნის”, – წერს სტეფანჩუკი.
1000/1000-ზე ფორმულით ტყვეთა გაცვლის პარალელურად რუსეთი უკრაინაზე ყველაზე მასშტაბურ საჰაერო თავდასხმას ახორციელებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს როგორც დედაქალაქ კიევზე, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებზე – ოდესაზე, ხარკოვზე, სუმიზე, დნეპროპეტროვსკზე და ა.შ.
მხოლოდ გასულ ღამეს მომხდარი თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 3 ბავშვია.