“ეს არის კანონი, რომელსაც მივყავართ სიბნელისკენ… ეს არის კანონი, რომელიც გაგვაღარიბებს“ – ლარისა პატარაია

მიმდინარე წლის 22-25 მაისს, თბილისს „გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის“ უნდა ემასპინძლა, რომლის ორგანიზატორიც საკონსულტაციო კომპანია Start Business Solution-ია. საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ღონისძიება გააუქმეს, მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ვითარება და საქართველოს საგარეო კურსის შესაძლო ცვლილება დაასახელეს, – ამ თემაზე ვრცლად „ქალების ნარატივში“ კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა, ლარისა პატარაიამ ისაუბრა.
„მიმდინარე პროცესები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროცესები, ეს პირდაპირ ურტყამს ბიზნესს და ეკონომიკას გრძელვადიან პერიოდში. „გენდერული თანასწორობის საერთაშორისო სიმპოზიუმის“ გაუქმება იყო პირველი გამოხმაურება არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელსაც კასკადივით მოჰყვა სხვა ღონისძიებების გაუქმება. მიზეზებად საქართველოში შექმნილი დესტაბილიზაცია და საგარეო კურსის შესაძლო ცვლილება დაასახელეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ორგანიზაციებზე, აქ საუბარია სტუმრებზეც. ეს ძლივს, ნელ-ნელა მიღწეული კონკრეტული ნაბიჯებით ეკონომიკის განვითარება, შეიძლება „ხუხულასავით“ ჩამოიშალოს“, – აღნიშნა ლარისა პატარაიამ.
მისივე თქმით, „რუსული კანონის“ მიღებით მთელი საქართველო ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას და მაინც აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ „გონს მოვა“ და ვეტოს არ დაძლევს.
„ჩვენ ვიცით, რომ ქართული ეკონომიკა არ არის ძლიერი და ნებისმიერი ხელშემწყობი მექანიზმი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანაში ფინანსური სექტორი ყველაზე მეტად განვითარებულია და უკვე ვნახეთ ერთი დღის განმავლობაში, „რუსულ კანონს“ როგორი რყევები მოყვა. ამას ექნება ძალიან სწრაფი გავლენა ნებისმიერ ბიზნესზე. „რუსული კანონი“ ეს არ არის კანონი, რომელიც მხოლოდ გავლენას ახდენს კონკრეტულ „სთეიქჰოტერებზე“, ეს არის კანონი, რომელსაც მივყავართ სიბნელისკენ… ეს არის კანონი, რომელიც გაგვაღარიბებს“, – განაცხადა ლარისა პატარაიამ.
Start – Business Solutions 11 წელია ატარებს ბაზრის, ეკონომიკურ და სოციალურ კვლევებს, ასევე, ეხმარება ბიზნესს განვითარებასა და ფონდების მოძიებაში.
„ჩვენ უკვე 11 წელია ვეხმარებით საშუალო და მცირე ბიზნესს ინვესტიციების მოზიდვაში და საქართველოს ფარგლებსაც გავცდით. მაგალითად, ბოლო 3 თვეა ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი კონკრეტულ კომპანიასთან, რომელსაც განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს და უკვე ამ კომპანიისთვის ველოდებოდით დუბაიდან ინვესტიციის შემოსვლას. ყველანაირი შეთანხმება უკვე გაფორმებული იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მოგვივიდა მეილი, რომ დუბაის მხარე საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო თავს იკავებს ინვესტიციის განხორციელებისგან. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. მიმდინარე პროცესებში, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესზე ვლაპარაკობთ თუ არა, ახლაც კი ჩვენს გვერდით დგას ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. ბიზნესების უმეტესობა, რომლებმაც რაიმე წარმატებას მიაღწიეს, მათ უკან სწორედ ამერიკა და ევროპაა“, – აღნიშნა Start Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა.
შეგახსენებთ, Start – Business Solutions კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიაა უკვე 11 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე, რომლის მთავარ ამოცანას, რაც შეიძლება, მეტი ახალი წამოწყების ხელშეწყობა წარმოადგენს. კომპანია მხარს უჭერს ბიზნესს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, აძლიერებს მეწარმეებს სამეწარმეო უნარ-ჩვევების განმტკიცების მიმართულებით და ხელს უწყობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ