“ეს არის აბსურდი, ეს არის უნამუსობა” – ბაჩიაშვილი მშობლებისთვის ბრალის წარდგენაზე

ბიზნესმენი, ს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ეხმაურება მისი მშობლებისთვის ბრალის წარდგენას. ბაჩიაშვილის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება.
“ჩემს წინააღმდეგ პროცესები დღესაც და შემდეგიც, ვერანაირად ვერ იქნება ვერცერთი სამართლებრივი სტანდარტის შესაბამისი. მე ვარ გატაცებული ადამიანი და გატაცებული და შემოყვანილი ადამიანის მიმართ ვერანაირად ვერ იქნება სასამართლო პროცესი საერთაშორისო, ევროპული და თუნდა ქართული სტანდარტის შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი გასვლა [ქვეყნიდან] განპირობებული იყო, ნამდვილად, უკიდურესი აუცილებლობით. ეს აუცილებლობა დადასტურდა – ეს შეეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. შესაბამისად, არანაირად, არანაირი კანონის დარღვევა ჩემი მხრიდან … მაქსიმალურად ვეცადე, რომ ყველანაირი ზიანის მინიმიზება გამეკეთებინა ჩემ მიმართაც და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების მიმართაც. ის, რომ ყველა ეს პროცესი არის ჩემზე შურისძიება და ჩემი ოჯახისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა, გუშინ დადასტურდა. ის, რომ 7 წლის წინ ნაყიდი 2-ოთახიანი ბინა და 5 წლის წინ ნაყიდი ავტომობილი, თურმე ფულის გათეთრების რაღაც სქემა არის და ამის გამო ჩემი მშობლები, 75 წლის მამაჩემი, ქირურგი, რომელიც მთელი ცხოვრება ეხმარებოდა ავადმყოფებს და ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და 65 წლის დედაჩემი, რომელიც თვალის ექიმი არის და საკმაოდ ცნობილი არის საქართველოში, გამოიყვანეს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ეს არის უბრალოდ აბსურდი. მეტსა ვიტყვი, ეს არის უნამუსობა უბრალოდ – ასე ადამიანებზე ჩირქის მოცხობა. სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს და ადამიანობასთანაც კი ამას საერთო არაფერი აქვს. სამწუხაროდ მე ვერანაირად ვერ ვიქნები დარწმუნებული სასამართლოს დამოუკიდებლობაში. თუმცა, ერთადერთი რაც შემიძლია, თხოვნით მოგმართოთ, რომ იყოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და შეაფასოთ ყველა ეს ფაქტი, რომელიც მე ჩამოვთვალე. მე არ ვარ დამნაშავე. მე მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემ ქვეყანას”, – ასე მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში [13:45] მოსამართლე ნაჭყებია სათათბიროდაა გასული. სულ მალე ის გამოაცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.
ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის მარტის დასაწყისში, მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ მე-2 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს შოთ ქარუმიძესაც – ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია დღეს მის განაჩენსაც გამოაცხადებს.
ქარუმიძე დანაშაულს აღიარებს, მოინანია, საქმეში მისი მონაწილეობა ეკონომიკური სიდუხჭირით არის ახსნა – ყადაღა მედო, მართვის მოწმობა, რომელიც ჩემი შემოსავლის წყაროა ჩამორთმეული მაქვს, ერთი შვილი არასრულწლოვანი მყავსო. ქარუმიძის ადვოკატმა მისთვის ჯარიმის დაკისრება მოითხოვა.
რაც შეეხება თავად ბაჩიაშვილის პოზიციას წარდგენილ ბრალთან მიმართებით, ის ამბობს, რომ საქართველოში დარჩენით მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. მისი თქმით, ეს დაადასტურა ციხეში მომხდარმა ინციდენტმა, რომლის შემდეგ დაზარალებულადაც არ ცნეს და არც არავინ დაუკავებიათ.
ამავე თემაზე:
· პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების ანგარიშები და აქტივები დააყადაღა
· პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც აღიარა, რომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაეხმარა