ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან – საფრთხეშია იუნესკოს ძეგლი, ევაკუირებულია ასობით ადამიანი

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით, კასტილია და ლეონის ავტონომიურ თემში, 850 მცხოვრები ტყის ხანძრის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი კვირას შუადღისას გაძლიერდა და რამდენიმე სახლი გაანადგურა. მეხანძრეები ხანძრის რამდენიმე კერის ჩაქრობაში არიან ჩართულები. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს, რაც, სავარაუდოდ, ოთხშაბათამდე გაგრძელდება.
„სოლიდარობას ვუცხადებ ყველა დაზარალებულ მცხოვრებელს და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საგანგებო სიტუაციების სამსახურებს მათი მუშაობისთვის. გთხოვთ, განსაკუთრებით ფრთხილად იყოთ“, – დაწერა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ზე.
მედიის ინფორმაციით, ხანძარი საფრთხეს უქმნის ლას-მედულასის ბუნებრივ ლანდშაფტს, რომელიც 1997 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.