ესპანეთმა ევროკავშირს რუსული ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების გამოყენებით ახალი თავდაცვის ფონდის შექმნა შესთავაზა. ინიციატივის მიხედვით, გაყინული აქტივების მეშვეობით გრანტები არა მხოლოდ უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლადაც გამოიყოფა.
აღნიშნული წინადადება ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა, კარლოს კუერპომ ვარშავაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე წარადგინა. მისი თქმით, ამ ფონდით ევროკავშირი ფართომასშტაბიანი, “პანევროპული” პროექტების დაფინანსებას შეძლებს.
“ახლა არის დრო, როცა ევროპულმა სოლიდარობამ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინასა და აღმოსავლეთის ფრონტისპირა ქვეყნებს. ჩვენ თავდაცვის ხარჯები ერთად უნდა გავზარდოთ, რაც ნამდვილად საერთო ევროპულ სიკეთეს წარმოადგენს – ის იცავს ჩვენს მოქალაქეებს და ამყარებს ეკონომიკურ უსაფრთხოებას” – განაცხადა კუერპომ.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. გამოცემის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის სექტორში მრავალწლიანი დაფინანსების დეფიციტის აღმოსაფხვრელად დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებაა საჭირო.
ესპანეთის წინადადება განსხვავდება იმ მოდელებისგან, რომლებიც შეღავათიან, გრძელვადიან სესხებს ეყრდნობა – მადრიდი სესხების ნაცვლად, გრანტების გამოყოფას ითხოვს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც რუსული საფრთხე ყველაზე მოსალოდნელია.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფინანსთა მინისტრებმა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად ერთიანი თავდაცვის ფონდის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს.
აღჭურვილობის გამოყენების სანაცვლოდ ფონდი წევრ ქვეყნებს გადასახადებს დააკისრებს, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს თავდაცვაზე მეტი დახარჯოს, ისე რომ ეროვნული ბიუჯეტები ზედმეტი ვალით არ დაიტვირთოს.
ფონდი, სახელწოდებით ევროპული თავდაცვის მექანიზმი (EDM), Bruegel-ის ანალიტიკური ცენტრის მიერ იყო შემოთავაზებული.
“ეს კარგია დასაწყისია დისკუსიისთვის”. – განაცხადა პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა, იოაკიმ მირანდა სარმენტომ.
მისი თქმით, განსახილველი ჯერ კიდე მრავალი საკითხია, მათ შორის ფონდის მანდატი და ფინანსური წყაროები. “არსებობს არაერთი ფინანსური, თუმცა ასევე სამხედრო ასპექტიც”. – თქვა სარმენტომ.
Reuters-ის ინფორმაციით EDM-ის წევრები შესაძლოა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები, მათ შორის, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა ან ნორვეგიაც გახდნენ.
სააგენტო წერს, რომ ფონდს თავად ექნება საკუთრებაში შეძენილი აღჭურვილობა, ფინანსური ვალდებულებები კი თავად ფონდის ბალანსზე და არა ცალკეული სახელმწიფოების ბიუჯეტებში დარჩება.
