ესპანეთის სუპერმარკეტებში ზეითუნის ზეთს ვიტრინებზე ჯაჭვით ამაგრებენ – მიზეზი გახშირებული ქურდობაა

ესპანეთში, სუპერმარკეტების დახლებზე ჯაჭვითა და ბოქლომით მიბმული ზეითუნის ზეთის ბოთლები გამოჩნდა. როგორც Reuters წერს, ეს, პროდუქტზე ფასის მატების ფონზე, ქურდობის ფაქტების გახშირებას უკავშირდება.
„მაღაზიებში ქურდობის ფაქტების გახშირების მოწმე ვართ. ზეითუნის ზეთი მათთვის იდეალური პროდუქტი გახდა მოსაპარად“, – ამბობს სუპერმარკეტების ქსელის Tu Super-ის გენერალური დირექტორი რუბენ ნავარო.
როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ზეითუნის ზეთს გადასაყიდად იპარავენ.
ნავარო 5-ლიტრიანი ზეითუნის ზეთის ბოთლების ერთმანეთზე გადაბმისა და საკეტით შეკვრის იდეას შემდეგნაირად აფასებს: „ეს არის გიჟური და უკიდურესი ზომა, თუმცა, ამან გაამართლა“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ექსტრა-კლასის ზეითუნის ზეთის ერთლიტრიანი ბოთლის ფასი ზოგიერთ სუპერმარკეტში 14,5 ევროს აღწევს, რაც ზეითუნის ზეთს საცალო ვაჭრობის პროდუქტების იმ კატეგორიაში აყენებს (სპირტიანი სასმელების, კოსმეტიკისა და ხელსაწყოების გვერდით), რომლებზეც უსაფრთხოების ეტიკეტები მაგრდება.
ცნობისთვის, ესპანეთში, რომელიც ზეითუნის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ზეითუნის ზეთის საშუალო ფასი ლიტრზე 8 ევროა, რაც ბოლო ორ წელიწადში, ქვეყანაში ამ პროდუქტზე ფასის 150% პროცენტიან მატებაზე მეტყველებს.
ხოლო რაც შეეხება ფასის მატების მიზეზს, Reuters-ის განმარტებით, ეს გვალვის ფონზე ზეთისხილის მოსავლის ჩავარდნას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ