ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – შალვა პაპუაშვილი 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე

ესაა უსტანდარტობა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ვიღაც დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს – 17 ევროპული ქვეყნის განცხადებაზე
ესაა უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ მიიჩნევს და დაბალ ღობედ თვლის – მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას.
მისი თქმით, ბრიუსელი დაავადდა სენით, რომ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრონ დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
„პოლიციელზე წიხლით შედგომა თუ მშვიდობიანი ქცევაა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის სროლა თუ მშვიდობიანი ქცევაა, თუ პარლამენტის დაწვა მშვიდობიანი ქმედებაა, მაშინ ამ 17 ქვეყანას ერთ რაიმეს ვეტყვი, რომ თავის ქვეყანაში ჩაიხედონ, მათ პოლიციელს, რომ წიხლით შედგეს ვინმე, მოითმენენ და არ ექნებათ რეაგირება? მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, რეაგირება არ ექნებათ? მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, რეაგირება არ ექნებათ, სამწუხაროდ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს, როგორც ჩანს ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის, რაც საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებას იწვევს მოსახლეობაში. ამას აჩვენებს გამოკითხვებიც, როცა ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა იმიტომ, რომ ხედავენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუ ეს მათი დაფინანსებული ხალხის მიერ ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა უსამართლო თავდასხმა შეწყვიტონ საქართველოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, აგრესიული რიტორიკითა და მუქარის ტონით ესაუბრებიან სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დაუბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა შეაჩეროს და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ის ხალხი, ის სახელმწიფოები და ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელზე ქვისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, ეს ხალხი არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მთავარია, დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირის მიმავალი გზიდან მობრუნება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება ევროკავშირის მხრიდან ქართული NGO-ების დაფინანსებაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებიან, სინამდვილეში საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსებაა.
„ევროკომისია იძულებული გახდა პასუხი გაეცა,თუ ვის აფინანსებდა ევროკავშირი, როდესაც ეს ინფორმაცია კომიტეტების მეშვეობით გამოითხოვეს. პასუხებიდან გამომდინარე შეიქმნა მონაცემთა ბაზა, სადაც ვხედავთ იმას, რასაც გვიმალავდნენ, მათ შორის ევროკავშირის საელჩო უარს ამბობდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე. ჩვენ დავინახეთ და პირველადი ინფორმაცია გვაქვს რომელ ორგანიზაციებში მიდის თანხები. საბოლოოდ, თავად მოუწიათ გაესაჯაროებინათ, თუ როგორ ნაწილდებოდა თანხები და მგონი, უარესი გავიგეთ. გავიგეთ, რომ 900 ათასიანი, ნახევარ მილიონიანი და ორ მილიონიანი პროგრამები გადანაწილებულია, იმ რადიკალურ, პოლიტიკურ ორგანიზაციებზე, რომლებიც, როგორც მოქალაქეებიც ხედავენ სახელმწიფოზე თავდასხმით, სიძულვილის ენით, დეზინფორმაციის გავრცელებითა და ადამიანის უფლებების უპატივცემულობით გამოირჩევიან. ფაქტობრივად, პირველადი მონაცემები გვაქვს იმ ანატომიისა, თუ როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში, იმ ცნობილ ეჭვმიტანილებზე, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებენ არჩევნებს, კონსტიტუციასა და კანონებს. ზუსტად ეს NGO-ები აორგანიზებენ აქციებს, სადაც მოთხოვნად ხელისუფლების დამხობა ჟღერდება. ამაში იხარჯება როგორც ჩანს ევროკავშირის ფული. ბურთი ევროკავშირისა და მისი საელჩოს მოედანზეა, ახსნან რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში არიან ჩართულები. ასევე, გავარკვიეთ, რომ 2022 წელეს, ივნისში, როდესაც სცენაზე NGO-ები დადგნენ, ითხოვდნენ, რომ მთავრობა მათი მონაწილეობითა და მათი ვეტოს უფლებით დაკომპლექტებულიყო. გამოდის, რომ ევროკავშირმა ჯერ აბსოლუტურად უსამართლოდ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ მისივე დაფინანსებული NGO-ები დააყენა სცენაზე ბრიუსელმა და აპირებდა ხელისუფლების ჩანაცვლებას. ამაზე განმარტება უნდა გააკეტოს ევროკავშირის საელჩომ და ბრიუსელმა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.