ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო იყიდა – შეფასებები, მოლოდინები და საერთაშორისო პრაქტიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა. სებ-მა 500 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 7 ტონა ოქრო მარტსა და აპრილში იყიდა, რომელსაც საქართველოში, ეროვნული ბანკის საცავში განათავსებენ. ამ დროისთვის ოქრო სავალუტო რეზერვების 11%-ს შეადგენს.
მარტის მონაცემებით, საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.77 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ოქროს რეზერვებს, 31 მარტის მდგომარეობით ეროვნული ბანკი ფლობდა 332 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს, შესაბამისად დამატებით 168 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს შესყიდვა აპრილის პირველ კვირაში მოხდა.
სპეციალისტების შეფასება
საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირებას ეკონომისტების და ფინანსისტების უმრავლესობა მიესალმება. როგორც Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა, ლაშა ქავთარაძემ „კომერსანტთან“ განმარტა, სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს კომპონენტის შემოტანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეზერვებს დივერსიფიცირებულს ხდის.
„ვფიქრობ ეს კარგია, რადგან ოქრო არის ერთ-ერთი ყველაზე ლიკვიდური აქტივი, რომელზეც მოთხოვნა მაღალია და ვფიქრობ, რომ ამ მეტალზე მზარდი მოთხოვნა შემდგომ პერიოდებშიც შენარჩუნდება. საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიცირებისთვის დოლარი მნიშვნელოვანი ვალუტაა, თუმცა არის პერიოდები, როცა დოლარის პოზიციები სუსტია. ოქრო არის ისეთი აქტივი, რომელიც ყველა ვალუტაში იყიდება და მისი ფასი იმ შემთხვევაშიც იზრდება, როცა დოლარი სუსტდება სხვა ვალუტებთან მიმართებით“, – ამბობს ლაშა ქავთარაძემ.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის მხრიდან ოქროს შეძენით რეზერვების დივერსიფიცირება სწორი ნაბიჯია. მისი აზრით, რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად იქნება ის დაცული სხვადასხვა შოკებისა და სავალუტო რყევებისგან.
„ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალურ ბანკებს სჩვევიათ ხოლმე, პორტფელის დივერსიფიცირებას ახდენენ, რაც მისასალმებელია. ცენტრალურ ბანკებში ოქროთი დივერსიფიცირება დიდი ხნის პრაქტიკაა და საშუალოდ 18-20%-ის ფარგლებში მერყეობს.
რაც უფრო მეტად იქნება პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად დაცული იქნება სხვადასხვა შოკებისგან და სავალუტო რყევებისგან. თუმცა ფაქტია, რომ ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება“, – განაცხადა აკაკი ცომაიამ.
„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, ქაღალდის ვალუტების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ლარის სიმყარის უზრუნველსაყოფად მოსაფიქრებელია ახალი ინსტრუმენტი და ეს არის ოქრო.
„ოქრო მნიშვნელოვანი აქტივია, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ლარის სტაბილურობის მისაღწევად. მეტიც, მე ვამტკიცებ, რომ ლარი ოქროზე უნდა იყოს მიბმული და, საერთოდ, ბიუროკრატია და პოლიტიკა არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, ოქრო უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი. მე მგონია, რომ ამაზე უკვე დაიწყეს ფიქრი, რადგან რამდენიმე გადაწყვეტილება უძღოდა წინ ამ შესყიდვას. რამდენიმე ხანია გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ცდილობენ, რომ გაყიდონ და იყიდონ უცხოური ვალუტა, რომ გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყოს. მეორე – ამას წინათ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეროვნულმა ბანკმა თვითონ დაიწყო ოქროს ზოდების გაყიდვა. ესეც მნიშვნელოვანი სიმპტომია“, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონი დოლარის ოქროს შესყიდვა შეცდომაა, რადგანაც ის სებ-ის სავალუტო რეზერვების ლიკვიდურობას ამცირებს.
„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არის შეცდომა. საერთაშორისო რეზერვების ფორმირების ერთ-ერთი მთავარი წესი არის მისი მაღალი ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, ანუ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოახდინოს მისი გაყიდვა საერთაშორისო ბაზარზე. ოქრო არ არის ასეთი მაღალლიკვიდური საქონელი, თუ ეროვნული ბანკის რეზერვების ფუნქციის კუთხიდან შევხედავთ.
ეროვნული ბანკი უცხოეთის ფასიან ქაღალდებში და საბანკო ანგარიშებზე ათავსებდა თავის რეზერვებს, რასაც სტაბილურად მოჰქონდა შემოსავალი. ოქრო ამ მხრივ ეროვნული ბანკის საცავში მკვდარი მარაგია. არც ისაა კარგი, რომ მოხდება მისი ჩამოტანა საქართველოში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ უცხოეთის საცავებში მისი შენახვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ოქროს შენახვის რისკები და ხარისხი უცხოეთის ბანკებში უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
ზოგადად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის, რომლის უცხოური ვალუტის რეზერვები არის მცირე და ძირითადად გამოიყენება საგარეო ვალდებულებების მომსახურებისათვის და ლარის კურსის შესანარჩუნებლად, ამ მოცულობის ოქროს შეძენა არ არის მიზანშეწონილი. ეს გადაწყვეტილება სარისკო და პოპულიზმის ელემენტების შემცველია“, – ამბობს რომან გოცირიძე.
ქვეყნები, რომლებიც ოქროს რეზერვებს ფლობენ

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ცენტრალური ბანკები ათასობით ტონა ოქროს რეზერვებს ფლობენ. გლობალური ოქროს საბჭოს (WGC) სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტ ოქროს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა ფლობს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 613 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა გერმანია 3,353 ტონა ოქროს რეზერვით, მესამეზე კი 2,452 ტონით იტალიაა. რეიტინგში 7 ტონა ოქროთი საქართველო 74-ე ადგილს იკავებს.