ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, უწყება აპირებს შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციების დროს მოსალეობის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისა და მართვის პრინციპები. საკითხის განსახილველად დღეს, 15 აგვისტოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
“ეს არის ძალიან მასშტაბური საკითხი და არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. განგაშის სირენების დამონტაჟებით, არამედ მოიცავს ბევრ კომპონენტს, მათ შორის საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა საკითხისადმი, რაც წარმოადგენს ჩვენი სამუშაო ჯგუფის მთავარ ამოცანას.
ჩვენ ვითვალისწინებთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, პროექტში ჩვენი პარტნიორია გაეროს განვითარების პროგრამა, რისთვისაც მინდა მათ და უცხოელ ექსპერტებს დიდი მადლობა გადავუხადო. საჭიროების შემთხვევაში, ასევე იგეგმება დამატებითი საექსპერტო რესურსის მოზიდვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. შევეცდებით, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარვუდგინოთ მთავრობას შესაბამისი პროექტი და რეკომენდაციები”, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა, ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა.
სტიქიური უბედურების დროს, მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემის საჭიროებაზე მუდმივა დგას დღის წესრიგში. საკითხი განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა ერთი წლის წინ, 3 აგვისტოს, შოვში ჩამოწოლილი ღვარცოფის შემდეგ, რომელსაც 31 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა რეგიონში ჩამოწოლილ მეწყერსა თუ წყალდიდობას რამდენიმე ადამიანი ესხვერპლა – ბაღდადში ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა, გურიაში წყალდიდობის შედეგად, ხოლო აჭარაში მიწის მასის ჩამოწოლის შედეგად მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამი ადამიანი გარდაიცვალა.
· ეროვნული უსაფრთხოების საბჭო წელს პირველად შეიკრიბა
· ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი