ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის 7.8%-მდე, 2025 წლისთვის კი 7.2%-მდე შემცირებას ელის

2024 წლის მეოთხე კვარტალში რეფინანსირების განაკვეთის დონის 7.8%-მდე შემცირება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წერია.
„ინფლაციის შემცირებულმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დააჩქარა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი რისკების ფონზე, 22 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია შერბილების მხოლოდ ნელი ტემპით გაგრძელება და განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8%-მდე შეამცირა. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს (ამჟამინდელი შეფასებით, დაახლოებით 7%) რისკების საკმარისად შემცირების პარალელურად დაუბრუნდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის მომავალ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ის ასახავს განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული სცენარით განვითარდება. შესაბამისად, თუკი საგარეო ან/და შიდა ფაქტორები მოსალოდნელისგან განსხვავებული იქნება, ეს საპროგნოზო მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის მომავალ გადაწყვეტილებებზეც მოახდენს გავლენას,”- ნათქვამია მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.
22 მაისს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, სებ-ის პროგნოზის თანახმად, 2024 წლის ბოლომდე განაკვეთის კიდევ ერთი ბიჯით შემცირება არის მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი მოელის, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2024 და 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ამ კლებათა შედეგად განაკვეთი 2025 წლის ბოლოსთვის 7.2%-მდე დაიწევს.
გარდა ამისა სებ-ი მოელის, რომ მთელი 2024 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო 2025 წელს ის 3.3%-3.6%-ის ფარგლებში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ