„ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო“ – ნათია თურნავა

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია – 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.
„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა.
ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარი კურსის გამყარება, რომელმაც საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტული ინფლაციის კლება და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა“, – აღნიშნა მან.
2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე ეტაპობრივად, 1.5 პპ-ით, 9.5 პროცენტამდე შეამცირა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1.5 პპ-ით შევამცირებთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11 პროცენტიდან დღეის მდგომარეობით 8 პროცენტამდე არის შემცირებული.
აქ მინდა ვთქვა, რომ ვინაიდან ინფლაციური მოლოდინები მოთოკილია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად შეგვემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი. ერთი მხრივ, ამან დადებითი გავლენა იქონია ქვეყანაში ლარის რესურსის ხელმისაწვდომობაზე. ლარის რესურსი ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანად მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, ამსუბუქებს ვალის ტვირთს.
ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. ყოველთვის მზად ვართ, რეაგირება მოვახდინოთ ცვალებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შევარბილოთ და საჭიროების შესაბამისად გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ამით ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს – ფასების სტაბილურობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ