გამოწვევებით სავსე 2024 წლის შემდეგ, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მოლოდინი აქვთ. რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ბაზარი? საკითხზე სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა.
,,ჩვენი ბაზარი რამდენიმე კუთხით შეიძლება განვითარდეს. ერთი ეს არის ჩვენი ემიგრანტები და მიმდინარე მოთხოვნა. მეორე ეს არის საცხოვრებელი ფონდის განახლება და ოჯახების ცალკე გასვლა. ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ევროპაში ერთ ბინაში მაცხოვრებლების რაოდენობით. ახალგაზრდები მომავალ წლებში კიდევ უფრო აქტიურად შეიძენენ ბინებს.’’- განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
მოლოდინი პოზიტიურია, თუმცა უკვე ცნობილია ერთ-ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც სამშენებლო სექტორი 2025 წლიდან დადგება. ახალი წლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ცვლილება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა ძალაში. ნატო ბოჭორიშვილის განცხადებით, აღნიშნული უძრავ ქონებაზე ფასის მატებას გამოიწვევს.
,,ცხადია, ნებისმიერი ხარჯის გაზრდა წნეხია დეველოპერული სექტორისთვის. ამ კუთხით, როგორც მოგეხსენებათ, კლასიკურად სქემა მუშაობს ასე, რომ ზოგი ერთი კომპანია ამ ხარჯებს გადაანაწილებს უშუალოდ გაყიდვებზე და მომხმარებელს მოუწევს გადახდა. ნაწილი გადაანაწილებს თავის მოგებასა და მომხმარებლებზე. ანუ თანაბრად შეიძლება გაიყოს. ჩვენი კომპანია ძირითადად შეეცდება, რომ ფასი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დავაკორექტიროთ ჩვენი მობინადრეებისთვის.’’- განაცხადა ნატო ბოჭორიშვილმა.
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,გუმბათი ჰოლდინგის’’ თანადირექტორს მოლოდინი აქვს, რომ 2025 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის წარმატებული იქნება. ნატო ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ ახალი წლიდან სტაბილური სიტუაციის ფონზე სექტორი განვითარებას გააგრძელებს, მომხმარებლები კი კიდევ უფრო აქტიურად შეიძენენ უძრავ ქონებას.