თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 22 აპრილს პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეზე გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაკითხეს. ის სასამართლოში რამდენიმე პოლიციელის თანხლებით მივიდა, რომლებიც ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ, გახმაურებული საქმის გამომძიებლისთვის კითხვები დაესვათ.
დაკითხვის დასრულების შემდეგ საბა სხვიტარიძის ახლობლებმა და ნათესავებმა სალომე ედიშერაშვილს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. ისმოდა შეძახილები – „მონა“, „სირცხვილი“, „არ დავივიწყებთ ცრუ მოწმეებს“.
ამ დროს სასამართლოს ეზოში ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული. გამომძიებლის ეზოში გამოსვლის შემდეგ, ხალხმა, რომლებიც მას მონას ეძახდნენ, სასამართლოს შენობა დატოვეს.
სწორედ ამ დროს დააკავეს გიორგი ჩხეიძე, რომელიც არის პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ოკმელაშვილის სიძე. ჩხეიძეს რამდენიმე პოლიციელმა ჩაავლო ხელი და ძალის გამოყენებით ჩასვეს დაბურულ მინებიან ავტომობილში, რომელსაც არ ჰქონდა წარწერა, რომ პოლიციას ეკუთვნოდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ, რომელიც საქალაქო სასამართლოდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. სამმართველოსკენ გადაინაცვლეს მისმა ახლობლებმაც.
ხმაური იყო სხვიტარიძის საქმის განხილვის დაწყების დროსაც. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.
პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.
მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, ვინც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრება.
სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იმის მიუხედავად, რომ პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციამ ათობით მოქალაქესა ჟურნალისტზე იძალადა, არცერთი მოძალადე სამართალდამცავი დაკავებული ამ დრომდე არ არის.
