ერთად ბერლინის მარათონისკენ! – BMW საქართველოსა და World Class-ის პარტნიორობა იწყება

BMW, რომელსაც საქართველოს ბაზარზე კომპანია ჯი-თი მოტორსი წარმოადგენს, პარტნიორობას იწყებს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფიტნეს და ველნეს სივრცესთან – World Class-თან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში BMW, როგორც ბერლინის მარათონის გლობალური პარტნიორი, World Class-ის წევრებს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მარათონში. ეს თანამშრომლობა World Class-ელებს აძლევს შანსს საქართველო საერთაშორისო სპორტულ არენაზე წარმოადგინონ. შესაბამისად, BMW-ს მიზანი არამხოლოდ კონკრეტული ბრენდის მხარდაჭერა, არამედ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის კიდევ ერთხელ გატანაა, რაც საამაყოა როგორც მარათონის მონაწილეებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
ბერლინის მარათონი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, რომელიც წლიურად ათასობით პროფესიონალ და მოყვარულ მორბენალს აერთიანებს. უკვე მრავალი წელია BMW ამ ღონისძიების პარტნიორია და მის საორგანიზაციო საკითხებსა და ლოგისტიკურ მხარეს უზრუნველყოფს 50-ზე მეტი ავტომობილით, რომელთა შორისაცაა ერთ-ერთი გამორჩეული მოდელი – სრულად ელექტრო BMW i5. მარათონის ფარგლებში BMW აწარმოებს კამპანიას სახელწოდებით Run for Joy, რომელიც ხაზს უსვამს მოძრაობის, გამძლეობისა და გარემოს დაცვის იდეებს. კამპანიის მიზანია შთააგონოს მონაწილეები იარონ წინ, მიზნისკენ და ამაში თავად ეხმარება ინოვაციური და ეკომეგობრული ავტომობილების გამოყენებით. ეს კამპანია თავის მხრივ ხაზს უსვამს ბრენდის მდგრად მიზნებსა და ორიენტირებას პროგრესზე.
“ზოგადად, BMW საქართველოს პროექტები და სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობის პრაქტიკა ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ სხვადასხვა აქტივობით ვცდილობთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გავუთქვათ სახელი. ამის ნათელი მაგალითია პირველ რიგში სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო BMW-ს მსოფლიო რუკის შემადგენელი ნაწილია, შემდეგ კი ყველაფერი დანარჩენი… BMW არის მოძრაობის, თავისუფლების, სისწრაფისა და პროგრესის სიმბოლო. World Class-ი კი ის სივრცეა, სადაც ადამიანები აღიარებენ საკუთარ ძალებს და ყოველდღიურად ცდილობენ განვითარებას. ამ ყველაფრის გაერთიანება კი მჯერა, რომ ძალიან საინტერესო საქმეებს გაგვაკეთებინებს ერთად.” – აცხადებს ელლა კამლაძე, ჯი-თი მოტორსის მარკეტინგის ხელმძღვანელი.