„ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საშუალო საექსპორტო ფასით ქართული ღვინისთვის და არამარტო ქართული ღვინისთვის, მიუწვდომელია, არის საფრანგეთი“

“ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საშუალო საექსპორტო ფასით ქართული ღვინისთვის და არამარტო ქართული ღვინისთვის, მიუწვდომელია, არის საფრანგეთი”, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე განმარტებით, ზოგადად, საფრანგეთში ღვინის იმპორტი ძალიან მცირეა.
“ღვინის მწარმოებელი და მომხმარებელი ბევრი ქვეყანაა, მათ შორის, საფრანგეთი, მაგრამ ჩვენ სტრატეგიულად არ ვმუშაობთ, ვინაიდან ღვინის შეტანა საფრანგეთში ძალიან მცირეა. ამერიკის შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღვინის წარმოება აქვს, მაინც ღიაა და სიამოვნებით სინჯავენ სხვა ქვეყნის ღვინოებს. ზოგადად, ქართული ღვინო ძალიან მრავალფეროვანია და ნებისმიერი გემოვნების მომხმარებლის დაკმაყოფილება შეუძლია”, – აცხადებს ლევან მეხუზლა.
ლევან მეხუზლას თქმით, ქართული კომპანიები ევროპული და ამერიკული ბაზრების პარალელურად აზიურ ბაზრებზე აქტიურად მუშაობენ.
“ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და გერმანიაში. ჩინეთის მიმართულებით წელი პოზიტიურად დავიწყეთ, ზრდა გვაქვს წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წლის ბოლო დადებითად დავასრულოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში ახალი პარტნიორი გვყავს და 4 ღვინის მაგისტრი ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოემსახურება. აზიის ბაზრები მეღვინეობის კუთხით შედარებით ახალი ბაზრებია და ჩამოყალიბების ეტაპზე არიან. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში საინტერესო და მზარდი ბაზრებია. შესაბამისად, თავიდანვე აქ აქტიურობა იმის გარანტიაა, რომ ქართული ღვინის ბაზრები დივერსიფიცირებული იქნება”, – აცხადებს ლევან მეხუზლა.
bp.ge