სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აცხადებს, რომ ერევანი მზადაა, დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან, – რის ტექსტზეც მხარეები 10 დღის წინ შეთანხმდნენ, თუმცა ხელი არ მოუწერიათ, – თუმცა, მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბაქოს ეს არ სურს.
„ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ, ჩვენ გვჯერა, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს რეგიონში არის რეალური შესაძლებლობა, გადავფურცლოთ მტრობის გვერდი და დავამყაროთ ნამდვილი მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრაზილიაში ვიზიტისას.
ბრაზილიის ერთ-ერთ უმსხვილეს და გავლენიან ადგილობრივ გაზეთ Folha-სთან ინტერვიუში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დროს, მირზოიანმა ასევე თქვა:
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს მუდმივად შემოაქვს სხვადასხვა ახალი, მე ვიტყოდი, ხელოვნური წინაპირობები სამშვიდობო დღის წესრიგში, რაც ართულებს შეთანხმების ხელმოწერას და, ასე ვთქვათ, ინსტიტციონალიზებული მშვიდობის დამყარებას“.
მან ასევე განაცხადა, რომ „მიზანი თითქმის მიღწეულია“.
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.
თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგაც კი მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.
თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.
მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, – სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.
სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებას:
· ერთი მათგანი კონსტიტუციის ცვლილებას ეხება
· მეორე კი – ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას. ეს ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფია, – რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, – რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებდა. წლებია, ის ფაქტობრივად არ მუშაობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, – რომელიც წლების წინ აცხადებდა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და მორჩა“, 2025 წლის 22 მარტს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვაღიარეთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, და აზერბაიჯანმა აღიარა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენ მზად ვართ, დავაფიქსიროთ, რომ კონფლიქტური ვითარება აღარ არსებობს“.
შეთანხმებული დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
გასულ კვირაში ფაშინიანმა სამჯერ მოუწოდა ალიევს დოკუმენტის ხელმოწერისაკენ.
პარალელურად, აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ სომხურმა მხარემ სასაზღვრო რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაარღვია, – რასაც სომხეთში უარყოფენ.
სომხეთის ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბაქოს მოთხოვნები და ქმედებები არის სამზადისი, რათა აზერბაიჯანი თავს დაესხას სომხეთის ტერიტორიას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
2025 წლის 7 იანვარს, როდესაც ალიევმა თავისივე მთავრობის კონტროლირებულ მედიასაშუალებებს მისცა ინტერვიუ, ის მორიგჯერ დაემუქრა სომხეთს, მოითხოვა „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნა და მას უწოდა „ფაშისტური სახელმწიფო“, რომელიც „უნდა განადგურდეს“.
შეთანხმების ტექსტი, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას – რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
