ენმ-ის წევრი, ლაშა ფარულავა ცესკოს სხდომიდან გააძევეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომიდან გააძევეს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ფარულავა. ის წარადგენდა საჩივარს, რომლითაც კოალიცია ყველა საოლქო კომისიის ბათილად ცნობას და ხელახალი ს დანიშვნას ითხოვდა.
“ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლითაც დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. პირდაპირ გაუქმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი [კალანდარიშვილი], ბატონო გიორგი ჯავახიშვილო [ს მდივანი], თქვენ გეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა, რადგან თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები …”, – განაცხადა ფარულავამ, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
სხდომის წამყვანმა, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მას მოუწოდა სამართლებრივად დაესაბუთებინა კოალიციის საჩივარი, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომიდან გაძევებით დაემუქრა. ფარულავა, კვლავ გააგრძელა ცესკოს წევრების დადანაშაულება არჩევნების გაყალბებაში, რის შემდეგაც ის დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.
ფარულავას გაძევების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ მისი განცხადებები იყო სამართლებრივი, არამედ “პოლიტიკურად მოტივირებული და სპექტაკლის ელემენტებით”.
მანდატურის ინსტიტუტი ცესკოში არჩევნებამდე დაახლოებით თვით ადრე შეიქმნა. ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნას კომისიის ოპოზიციონერი წევრები ეწინააღმდეგებოდნენ – მიაჩნდათ, რომ მანდატურის სამსახურ ცესკო განსხვავეული მოსაზრებების მქონეთა გასაჩუმებლად გამოიყენბდა. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად კომისიამ შესაბამისი დადგენილება მაინც მიიღო.
მას შემდეგ, რაც ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევეს, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი კოალიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, იურისტმა ლილი ბეგიაშვილმა წარადგინა.
მან ვრცლად ისაუბრა როგორც ხმის ფარულობის, ისე კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ სხვა ტიპის დარღვევებზე. მათ შორის, მარკირების პროცედურის დროს შექმნილ პრობლემებზე, ბიულეტენისა და მარკერის ხარისხზე, საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების განაწილების წესის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე და ა.შ. ასევე, სასამართლო სხდომებზე, სადაც როგორც პარტიები, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
მისი თქმით თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარებული ე.წ. ექსპერიმენტი ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსების შესახებ “არ აკმაყოფილებდა ობიექტურობისა და სამართლებრიობის მინიმალურ სტანდარტსაც კი”.
“ყველამ, ვინც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა იქნებოდნენ ესენი საუბნო კომისიის წარმომადგენლები, საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ ჩვენ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ყველამ ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა ობიექტურობისა და სამართლიანობისგან ძალიან შორს იდგა”, – განაცხადა ბეგიაშვილმა.
მან არასწორად მიიჩნა ის, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ცესკოს წარმომადგენელმა, რომელიც სპეციალურად დატრენინგებული და გაწაფული იყო ამაში და რაც მთავარია, მეთოდი და ტექნიკა, რომლითაც მან ბიულეტენი ხმის მთვლელ აპარატში შეაცურა, განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ცესკო არჩევნებამდე ასწავლიდა ამომრჩევლებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით თუ სხვა სახის საინფორმაციო კამპანიებით.
ბეგიაშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების სამი კონსტიტუციური პრინციპი:
· საყოველთაობა – მან ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებული დისკუსიაზე;
· ფარულობა – ბიულეტენის მეორე მხარეს მარკერის კვალის გამოჩენაზე;
· თავისუფალი ნების გამოხატვა – ბეგიაშვილის თქმით, ყველა დარღვევა ერთად, პლუს საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული კამერები ამომრჩეველს არ აძლევდა საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალებას.
ამავე სხდომაზე, ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობად ცნობას ითხოვდა “ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”. ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ცესკომ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.