ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის 15 თავმჯდომარე საერთო განცხადებას ავრცელებს. ისინი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.
მათი თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარემ და მოქმედმა მენეჯმენტმა “მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები” გადადგა, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობასა და გაძლიერებას და რამაც ენმ-ში მძიმე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.
როგორც ისინი ამბობენ, მოახლოებული გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებლად მიიჩნევენ პარტიის სრულ გადატვირთვასა და ენმ-ის საგანგებო რეჟიმზე გადასვლას. თბილისის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები 3 ძირითად მოთხოვნას აყენებენ:
“დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. “თანხმობის საბჭო” (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები.
“თანხმობის საბჭო” დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით.
უახლოეს პერიოდში მოწვეულიქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება “საბჭოს” დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – ამბობენ ისინი.
განცხადების ავტორები არიან:
· ბესო გაზდელიანი;
· გელა (გრიგოლ) გვილავა;
· გიორგი მათიაშვილი;
· გიორგი ჯაბუა;
· გოჩა გუგუციძე;
· გოჩა კოკაია;
· დავით კახაძე;
· დავით ლაგვილავა;
· დავით ნებიერიძე;
· ზვიად კუპრავა
· თემო ნემსიწვერიძე;
· თენგიზ გიორგაძე;
· ლერი დემეტრაშვილი;
· მამუკა გუგეშაშვილი
· რომეო ფარულავა.
***
აქამდე ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ და წევრებმა გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც მათ ხობის, ჭიათურის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ახალციხის, მცხეთისა და ფოთის საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა დღეს პარტიის წევრმა გიორგი მუმლაძემაც მოითხოვა.
საკრებულოების წევრების განცხადების საპასუხოდ, ენმ-ის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში 2025 წლის იანვრამდე თავმჯდომარის არჩევნები არ იქნება.