[CO-თი გამოწვეული] უბედური შემთხვევების 80% სწორედ გაქირავებულ ბინებში ხდება, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, უბედური შემთხვევების რაოდენობა ბევრად არის შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.
„თუ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობას, ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან გარკვეული ტიპის დანადგარი ჩაიხსნა, ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და ცვლილებები განახორციელეს. თუმცა, პრობლემა მაინც არსებობს. ყველაზე დიდი რისკი მაინც არის გაქირავებულ ბინებში. სამწუხაროდ, ხშირად, გაქირავებულ ბინაში კუსტარულად არის მოწყობილი ქსელი, ან ისეთი დანადგარი, რომელი სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველაზე ხშირი შემთხვევა გაქირავებულ ბინებზე მოდის. კომპანიამ გვაჩვენა ციფრი და დარღვევების აღმოჩენის 80% მოდის ასეთი ბინებზე.
ერთი შეხედვით, წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა შეცვლილია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ შემცირებულია. დარღვევებში ვგულისხმობ, როდესაც მომხმარებელთან კომპანიამ აღმოაჩინა არასწორად დამონტაჟებული დანადგარი, ან ქსელურობასთან დაკავშირებული დარღვევები. ცალკეულ შემთხვევაში დანადგარი ჩაიხსნა, ცალკეულ შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუწყვიტა მიწოდება“,- აღნიშნავს ნინო გულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.




