ირანის პრეზიდენტის ახალ საგარეო პოლიტიკაზე, ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით რაზე ვერ თანხმდებიან თეირანი და ანკარა, ეს საკითხი შეიძლება აღმოჩნდეს ის თემა, რითაც დასავლეთი შეძლებს რუსეთისაგან ირანის ჩამოშორებას, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს თურქეთის სწრაფვა ბრექსიტისა და შანხაის ორგანიზაციებში, თუ ეს რეალურად მოხდა, მომხდარი რა კორექტივებს შეიტანს სამხრეთ კავკასიაში ანკარის პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, ირანის ახალი პრეზიდენტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას მიმართავს. ის ახლახან ეწვია ერაყს და ერაყის ქურთისტანს.
თეირანი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს ირანის წინააღმდეგობის ღერძს და სურს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც, პირველ რიგში, ბირთვული შეთანხმების აღორძინებას გულისხმობს. თუმცა, ამ საკითხში დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერ კონსენსუსის მიღწეული არაა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ირანის ახალი პრეზიდენტის ახალ საგარეო პოლიტიკას?
– ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის საგარეო პოლიტიკური კურსი დიდწილად მისი წინამორბედის, ებრაჰიმ რაისის პოლიტიკის გაგრძელებაა. თეირანი, დღეს, აქცენტს სამეზობლოში ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს.
მაგალითისთვის, ირანი აგრძელებს ნორმალიზების პროცესს საუდის არაბეთთან, ბაჰრეინთან და აზერბაიჯანთან. ამას უნდა დაემატოს სხვა მეზობელი ქვეყნების მთელი რიგი, რომლებიც ირანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ასეთია ერაყი, რაც იმითაც მტკიცდება, რომ ის ფეზეშქიანის პირველი საგარეო ვიზიტი იყო ირანის პრეზიდენტის რანგში. ირანის ლიდერი რამდენიმე ძირითადი საკითხის მოგვარებას ცდილობდა. ერთია შალამჩეჰიდან ერაყის ქალაქ ბასრამდე რკინიგზის პროექტის დაჩქარება, რომლითაც ისლამური რესპუბლიკა ერაყის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს დაუკავშირდება.
ირანს სურს არ იყოს ჩამოტოვებული ე. წ. „განვითარების გზის“ პროექტიდან, რომელიც თურქეთის მიერ აქტიურადაა მხარდაჭერილი. ანკარა უმიზნებს, ერაყის ტერიტორიის გავლით სავაჭრო კავშირების გაზრდას სპარსეთის ყურესთან, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ ბაღდადს ერდოღანი ეწვია. ამიტომაც, ბასრა-შალამჩეჰის რკინიგზა შესაძლებლობას აძლევს ირანს აქტიურად ჩაერთოს „განვითარების გზის“ ინიციატივაში.
ირანს სხვა ბერკეტებიც აქვს. ერაყში ისლამური რესპუბლიკის გავლენის ქვეშაა გასამხედროებული შიიტური დაჯგუფებების მთელი ქსელი, რომლებიც „წინააღმდეგობის ღერძის“ მონაწილეები არიან. ამ ჯგუფების მეშვეობით ირანი მარტივად ახდენს გავლენას ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და დიდწილად მათზე იქნება დამოკიდებული „განვითარების გზის“ განხორციელებაც.
ირანს სურს არ იყოს ჩამოტოვებული ე. წ. „განვითარების გზის“ პროექტიდან, რომელიც თურქეთის მიერ აქტიურადაა მხარდაჭერილი. ანკარა უმიზნებს, ერაყის ტერიტორიის გავლით სავაჭრო კავშირების გაზრდას სპარსეთის ყურესთან, რისთვისაც რამდენიმე თვის წინ ბაღდადს ერდოღანი ეწვია. ამიტომაც, ბასრა-შალამჩეჰის რკინიგზა შესაძლებლობას აძლევს ირანს აქტიურად ჩაერთოს „განვითარების გზის“ ინიციატივაში
ირანის პრეზიდენტი ერაყის ქურთისტანსაც ეწვია, სადაც მას მოლაპარაკებები ჰქონდა ქალაქ ერბილსა და სულეიმანიაში საზღვარზე არსებული ირანისადმი მტრულად განწყობილი ქურთული დაჯგუფებების განეიტრალებასა და მათ სხვა ტერიტორიებზე გადაყვანაზე. ზოგადად, იშვიათია, რომ უცხო ლიდერი ერაყის ქურთისტანში ჩასვლისას ერთდროულად ერბილსა და სულეიმანიას ეწვიოს. ფეზეშქიანის ნაბიჯი კი ქურთისტანში ორი ძირითადი პარტიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
– ბოლო დროს რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბა ე. წ. ზანგეზურის დერეფნის გარშემო. უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შესახებ არა ერთხელ განაცხადა, მაგრამ ამ საკითხში ირანის წინააღმდეგობის გამო პროცესი შეჩერებულია.
შეჩერებულია არა მხოლოდ იმის გამო, რომ სომხეთის რუსეთთან დისტანცირებას არჩევს, არამედ იმის გამოც, რომ სომხეთ-ირანის საზღვარი სწორედ ზანგეზურის დერეფანზე გადის და აზერბაიჯანის მიერ მის დაკავებას ეწინააღმდეგება სომხური ლობი საფრანგეთსა და აშშ-ში.
ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით რა შეიძლება ამოძრავებდეს ორ ქვეყანას? რა არ აწყობს მოსკოვსა და თეირანს?
– ე. წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნა ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ამით, თეირანის გადმოსახედიდან, შეიქმნება ერთგვარი ხაზი თურქეთიდან კასპიამდე, რომელიც ნახიჩევანსა და სომხეთის სამხრეთ პროვინციაზე, სიუნიკზე, გაივლის. შიში, რომელიც ეუფლება ირანს ზუსტად სომხეთთან პირდაპირი კავშირის შეწყვეტას უკავშირდება. ამას შეიძლება მოჰყვეს, ზოგადად, კავკასიაში ირანის პოზიციების შესუსტება.
ე. წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნა ირანის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ამით, თეირანის გადმოსახედიდან, შეიქმნება ერთგვარი ხაზი თურქეთიდან კასპიამდე, რომელიც ნახიჩევანსა და სომხეთის სამხრეთ პროვინციაზე, სიუნიკზე, გაივლის. შიში, რომელიც ეუფლება ირანს ზუსტად სომხეთთან პირდაპირი კავშირის შეწყვეტას უკავშირდება. ამას შეიძლება მოჰყვეს, ზოგადად, კავკასიაში ირანის პოზიციების შესუსტება
ე. წ. ზანგეზურის დერეფნის ამუშავება, მიუხედავად ასეთად წარმოჩენისა, რუსებისთვის მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ვაჭრობა, ძირითადად, თურქეთთან შავი ზღვით და საქართველოს გავლით მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ ამ გზის ამუშავების საკითხის წინ წამოწევა უფრო ერევანზე წნეხის მოხდენის მიზნით ხორციელდება. ე. წ. ზანგეზურის დერეფნის საპირისპიროდ ირანს სურს, განხორციელდეს ის შეთანხმება, რომელიც ბაქოსა და თეირანს შორის დაიდო და რომლის მიხედვითაც, ტრანზიტი საკუთრივ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის არა სომხეთზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილზე გაივლის.
ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საპირისპიროდ ირანს სურს, განხორციელდეს ის შეთანხმება, რომელიც ბაქოსა და თეირანს შორის დაიდო და რომლის მიხედვითაც, ტრანზიტი საკუთრივ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის არა სომხეთზე, არამედ ისლამური რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილზე გაივლის
ეს დაძაბულობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვსა და თეირანს შორის წარმოიშვა, რუსეთის ელჩის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებით დაგვირგვინდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და ოქტომბერში თეირანი და მოსკოვი მსხვილი სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების გაფორმებასაც აპირებენ, ამ ორ მოთამაშეს ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები აქვთ, იქნება ეს სამხრეთ კავკასიაში თუ ახლო აღმოსავლეთში.
– ომი ღაზაში გრძელდება. 7 ოქტომბერს ერთი წელი შესრულდება, რაც ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. ერთი წლის წინ არავის ეგონა რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მის დასასრულს ბოლო არ უჩანს. ასეა მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საკმაოდ დიდი ნაწილი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.
ფაქტია ისიც, რომ დიდი მოთამაშეების მცდელობის მიუხედავად მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თემაზე ვერ თანხმდებიან.
რა სურს ისრაელს? მხარეებს შორის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლოს ვართ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიღწევასთან?
– ისრაელს ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება სურს. ის აკონტროლებს ფილადელფის დერეფანს – ხაზი, რომელიც ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის მთელი საზღვრის გასწვრივ გადის. ამ დერეფნის დაკავებით ისრაელს სურს ღაზაში უცხოეთიდან ჰამასის დასახმარებლად გაგზავნილი იარაღის დინება გაწყვიტოს. სხვა სიტყვებით, ისრაელს ჰამასის სრული განადგურება სურს, რასთანაც, თუ ბოლოდროინდელ შეფასებებს გადავხედავთ, ის საკმაოდ ახლოსაა. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობები უშედეგო გამოდგა ზუსტად ისრაელის მიერ ფილადელფის დერეფანზე კონტროლის არდათმობის გამო.
ისრაელს ღაზაზე სრული კონტროლის დამყარება სურს. ის აკონტროლებს ფილადელფის დერეფანს – ხაზი, რომელიც ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის მთელი საზღვრის გასწვრივ გადის. ამ დერეფნის დაკავებით ისრაელს სურს ღაზაში უცხოეთიდან ჰამასის დასახმარებლად გაგზავნილი იარაღის დინება გაწყვიტოს
ჰამასსაც, თავის მხრივ, დერეფნის ისრაელის ხელში დატოვება არ სურს. აქედან გამომდინარე, შეთანხმების მრავალი მცდელობა ჩაიფუშა. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა რომლის წინაშეც ისრაელი დგას ღაზას ომისშემდგომი მმართველობაა: ვინ უნდა მართოს ეს რეგიონი, ვინ იკისრებს მის აღდგენის სამუშაოებს და ა. შ.
– მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს მთავარი მოკავშირე აშშ-ა, ვაშინგტონსაც უწევს ანგარიში გაუწიოს ანტიისრაელურ განწყობებს. ამ საკითხში აშშ-ს ლავირება წარმატებული ვერაა, რადგან ომი ღაზაში გრძელდება.
როგორც ჩანს, ღაზაში ომის საკითხში აშშ-ს პოზიცია საბოლოოდ აშს-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გვეცოდინება. ტრამპი ისრაელს აფრთხილებს, რომ ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა ისრაელს მიატოვებს.
ვიცით, რომ ტრამპი ისრაელის მხარდამჭერია, მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-მ ისრაელში თავისი საელჩო იერუსალიმშიც კი გადაიტანა. თქვენი დაკვირვებით, რა გავლენას იქონიებს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე?
– ვფიქრობ, დიდ გავლენას არ მოახდენს, რადგან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული მიზანი მაინც ისრაელის მხარდაჭერა იქნება ჰამასის სრულად განადგურებისთვის. მართლაც, თელ-ავივს და ვაშინგტონს იდენტური გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული მიზანი მაინც ისრაელის მხარდაჭერა იქნება ჰამასის სრულად განადგურებისთვის. მართლაც, თელ-ავივს და ვაშინგტონს იდენტური გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ
ჰამასი ირანის „წინააღმდეგობის ღერძის“ საკვანძო მოთამაშეა და ასეთი ერთეულის თამაშიდან გამოთიშვა ისლამური რესპუბლიკის გავლენას დიდად დაეტყობა. დღეს, ვაშინგტონი ამ მიზნის მიღწევასთან საკმაოდ ახლოსაა. მართლაც, რომ არა ეს მიზანი აშშ-ს საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს ისრაელზე გავლენის მოსახდენად. ზუსტად ეს იწვევს არაბულ სამყაროში დიდ წინააღმდეგობას და ამერიკის გაკრიტიკებას.
– სულ ახლახან თურქეთმა ეგვიპტესთან ურთიერთობების ნორმალიზება გამოაცხადა. ანკარას პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მიმართულია მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ამასთან ერთად თურქეთი მიილტვის ბრიქსში და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. თურქეთის ბრიქსისა და შანხაის ორგანიზაციებისადმი სწრაფვა რა გავლენას იქონიებს ანკარის ურთიერთობებზე დასავლეთთან?
თუ ანკარის სწრაფვების რეალიზება მოხდა, ეს რა გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოლიტიკაზე?
– თურქეთი მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს და ამ ეტაპისთვის ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ის ერთდროულად ახერხებს, როგორც დასავლეთთან, ასევე აზიასთან და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. იყო ახლოს რუსეთთან, აშშ-სთან და ჩინეთთან არაა მარტივი საქმე და ანკარა ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგას. ვფიქრობ, აქ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, თუ რა დოზით სურს თურქეთს ჩინეთთან და რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარება სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. ეს ის საკითხებია, რომელიც ყველაზე მეტად ადარდებს დასავლეთს და რომელშიც ვაშინგტონი და, ზოგადად, ნატო არ იქნებიან დამთმობნი. ეს კარგად ესმის თურქეთსაც და ამიტომაც, ბრიქსში გაწევრიანება არ იქნება პრობლემური თუ კი ამ ნაბიჯით ანკარას არ მოესურვება ახლო სამხედრო თანამშრომლობის დამყარება პეკინთან.
აქ ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, თუ რა დოზით სურს თურქეთს ჩინეთთან და რუსეთთან მჭიდრო კავშირების დამყარება სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. ეს ის საკითხებია, რომელიც ყველაზე მეტად ადარდებს დასავლეთს და რომელშიც ვაშინგტონი და, ზოგადად, ნატო არ იქნებიან დამთმობნი. ეს კარგად ესმის თურქეთსაც და ამიტომაც, ბრიქსში გაწევრიანება არ იქნება პრობლემური თუ კი ამ ნაბიჯით ანკარას არ მოესურვება ახლო სამხედრო თანამშრომლობის დამყარება პეკინთან
მაგალითისთვის, ყველას კარგად გვახსოვს რა რეაქცია ჰქონდა აშშ-ს თურქეთის მიერ რუსული თავდაცვითი სისტემების შეძენაზე. თურქეთის საგარეო პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა. ასეთი პროცესი მიმდინარეობს სომხეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ამ ბოლო პერიოდში უკვე ეგვიპტესთან. ამ მხრივ, ანკარის საგარეო პოლიტიკა წააგავს თეირანის მიდგომას სამეზობლოში.
– საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა აშკარად შეცვლილია და იგი რუსეთისკენაა გადახრილი.
ამის შესახებ არა ერთი ევროპული გამოცემა საუბრობს. მიუხედავად ამისა, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავარი ლოზუნგია „მხოლოდ მშვიდობით და კეთილდღეობით ევროპისაკენ“. თქვენი დაკვირვებით, რეალურად არის თუ არა მომხდარი სერიოზული ძვრები საქართველოს საგარეო პოლიტიკაში?
ეს ცვლილებები რაში ვლინდება? სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს მმართველი გუნდის პოზიციების ცვლილება?
– აქამდე თქვენთან ინტერვიუებში რამდენჯერმე მაქვს გამოთქმული მოსაზრება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მკვეთრ ცვლილებებს განიცდის. დაიწყო ახალი პერიოდი, როდესაც ოფიციალური თბილისი აღარაა ფოკუსირებული ერთ რომელიმე გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე.
თითქოს ამის გაკეთება ედუარდ შევარდნაძესაც სურდა, როდესაც ის ერთდროულად დასავლეთთან და რუსეთთან ცდილობდა მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას. თუმცა არც 1990-იანებში, არც მომდევნო პერიოდში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას, საერთაშორისო ასპარეზზე არ არსებობდა მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკის გასატარებლად შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება. არჩევანი მარტივი და, ამავდროულად, საკმაოდ უხეში იყო: დასავლეთი ან რუსეთი.
დღეს, ბევრად განსხვავებული ვითარებაა. ასპარეზზე გამოვიდა ერთდროულად რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომელთაც სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოხდენა სურთ. ჩინეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი, რასაც ემატებიან მოძლიერებული თურქეთი და ირანი – შეიქმნა ვითარება, როდესაც პატარა ქვეყნებს შეუძლიათ ლავირება დიდ მოთამაშეებს შორის.
ამ მომენტისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკა ზუსტად ასეთ ფაზაში შევიდა: მრავალმხრივი კონტაქტების დამყარება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც. რუსეთი ძლიერ მოთამაშედ რჩება. მას აქვს მთელი რიგი ბერკეტების, რითაც გავლენას ახდენს საქართველოზე. მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი რად ღირს?! ამას ემატება სავაჭრო ურთიერთობებიც და ეს ყველაფერი ქმნის საფრთხეს, რომ ქვეყანა სრულად არ მოექცეს რუსეთის გავლენის სფეროში. შიში, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გააჩნია, საკმაოდ ლეგიტიმურია. ამას უნდა დაემატოს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ქცეული დაძაბულობა კოლექტიურ დასავლეთთან, განსაკუთრებით კი აშშ-სთან. საქართველოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება. მკვეთრი დამოკიდებულება ერთ რომელიმე მოთამაშეზე არ შეიძლება მომგებიანი იყოს ჩვენნაირი ქვეყნისთვის.
საქართველოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა ესაჭიროება. მკვეთრი დამოკიდებულება ერთ რომელიმე მოთამაშეზე არ შეიძლება მომგებიანი იყოს ჩვენნაირი ქვეყნისთვის
საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება. თუ საქართველო ნამდვილად აშენებს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, ეს მიდგომა ერთგვარ საწყის დებულებად შეიძლება იქცეს.
აქ საინტერესოა თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს დასავლეთმა, რომელიც აკრიტიკებს თბილისს ბოლოდროინდელი ნაბიჯების გამო. ვფიქრობ, ეპოქაში, როდესაც დასავლეთის გავლენა ჩვენთან რეგიონში დაბალანსებულია სხვა მოთამაშეების მხრიდან, საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის მხარდაჭერა სწორი პოლიტიკა იქნებოდა.
მართლაც, ამ ეტაპისთვის ეს იქნებოდა გარანტია, რომ საქართველო სრულად რუსეთის, ან რომელიმე სხვა დიდი მოთამაშის ექსკლუზიური გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი