ემიგრანტებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას ითხოვენ.
აღნიშნული პეტიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი არის საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებიც.
„ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, ემიგრაციაში სხვადასხვა მიზეზით აღმოვჩნდით. უმრავლესობისთვის ეს სასიცოცხლო აუცილებლობას უკავშირდებოდა — ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და უპერსპექტივობამ გვაიძულა, გამოსავალი სამშობლოდან შორს გვეძებნა. ნაწილისთვის კი, სამშობლოს დროებით დატოვება უკეთესი განათლების მიღებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება იყო. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით ვართ წასულები, ემიგრანტებს ერთი რამ გვაერთიანებს: ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია კავშირი ჩვენს ქვეყანასთან და არასდროს გვითქვამს უარი გვეზრუნა მის განვითარებაზე. თუმცა, დღეს ჩვენი ეს ფუნდამენტური უფლება საფრთხის წინაშეა. პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს ფაქტობრივად ართმევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. „ქართული ოცნება“ ამ გზით: აუფასურებს საქართველოს მოქალაქეობას: ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვრჩებით და არჩევნებში მონაწილეობით ვადასტურებთ, რომ ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი ვართ ამ უფლების შეზღუდვით კი „ქართული ოცნება“ ცინიკურად გვეუბნება, რომ ემიგრანტები მეორეხარისხოვანი ადამიანები ვართ. უსამართლოდ ეპყრობა მილიონამდე ადამიანს: სწორედ ჩვენი, ემიგრანტების, დაუღალავი შრომა და ფულადი გზავნილები აცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას. საქართველოს მოსახლეობის 60%-ს ჰყავს ოჯახის ერთი წევრი ან ახლობელი მაინც, ვინც უცხოეთშია გადახვეწილი. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეათედზე მეტს ემიგრანტების გადმორიცხული თანხები ქმნის, იმაზე ორჯერ მეტს, ვიდრე – უცხოური ინვესტიციები. სამაგიეროდ, ჩვენ მშობლები, შვილები, ნათესავები, მეზობლები თუ მეგობრები საქართველოში ვალებს ვერ აუდიან; ოჯახების 60%-ზე მეტს სესხი აქვს, 40%-ზე მეტს კი ფული არ ჰყოფნით ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – მედიკამენტებზე, საკვებზე, ტრანსპორტსა თუ პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზე. მთავრობა კი, რომელიც სწორედ ჩვენი, ემიგრანტების მიერ სამშობლოში გამოგზავნილი ბოლო კაპიკებით გამოწვეული „ეკონომიკური ზრდით“ იწონებს თავს, გვეუბნება, რომ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, რადგან უცხოეთიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებს „არასწორად“ ვუყურებთ და ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ვართ. სურს, რომ ემიგრანტებმა ჩვენს ქვეყანასთან კავშირი გავწყვიტოთ: ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ემიგრანტების ინტეგრაციას და დაბრუნებას, საარჩევნო უფლების ფაქტიური შეზღუდვა გვაშორებს სამშობლოს. უამრავი ჩვენგანი მუშაობს მოწყვლად და დაუცველ გარემოებებში, სადაც საქართველოში დაბრუნება, თუნდაც ოჯახის მოსანახულებლად, დიდ მატერიალურ და დროით სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ცინიკური მოთხოვნა — „ჩამოდით და მიეცით ხმა“ — არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ – შეურაცხმყოფელი და ჩვენი იზოლაციის ტოლფასია. ხმის საზღვარგარეთ მიცემის უფლების შეზღუდვით გვეუბნებიან, რომ ემიგრანტ დედას, რომელიც ოჯახისთვის ლუკმაპურის მოსაპოვებლად იტალიაში, დავრდომილ მოხუცს უვლის, უფლება აღარ აქვს, თავისი ხმით დაიცვას საქართველოში დარჩენილი შვილის მომავალი. პოლონეთში, სამაცივრე მეურნეობის მუშას ან – ამერიკაში მშენებლობაზე დღიურად მომუშავეს, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად არალეგალური ემიგრაცია გადაწყვიტა, უფლება აღარ აქვს, იბრძოლოს საქართველოში ღირსეული შრომის პირობების შესაქმნელად. ნახევრად მშიერ სტუდენტს, რომელიც უცხოეთში საკუთარი ქვეყნისთვის ცოდნის მოსაგროვებლადაა, უფლება აღარ აქვს, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებელ პირობებს შეუქმნის. სხვა რა არის ეს, თუ არა ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის შინაარსის გამოცლა? ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების სრულფასოვნად შენარჩუნებას! ეს მოთხოვნა არ არის პოლიტიკური ახირება, ეს სამართლიანობის საკითხია. საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების წყარო არის ხალხი — და ეს ხალხი ვართ ჩვენც, საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა და მასში მონაწილეობა ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა!“, – ნათქვამია ემიგრანტების პეტიციაში.




