ემანუელ მაკრონი – ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა

ჩემი სურვილი ახალ კალედონიაში მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალ კალედონიაში ჩასვლისას განაცხადა.
„ჩემი სურვილი, ისევე როგორც ჩემი მინისტრებისა და მთავრობის სურვილი, ხალხის გვერდით ყოფნა და მშვიდობის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ უნდა გაგრძელდეს და საფრანგეთის უსაფრთხოების ძალები ახალ კალედონიაში იქამდე დარჩებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება.
„უახლოეს საათებსა და დღეებში იქ, სადაც საჭიროა, ახალი ფართომასშტაბიანი ოპერაციები განხორციელდება და სრული რესპუბლიკური წესრიგი აღდგება, რადგან სხვა არჩევანი არ არის“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, არეულობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმის მიცემის უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილებები საფრანგეთის მოქალაქეებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს. ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი შიშობს, რომ ეს ცვლილება მკვიდრი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა გასულ ოთხშაბათს ახალ კალედონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. არეულობის შედეგად, სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, ხოლო 280-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს – შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება